ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა

28 ნოემბერი 2020, 12:28 201 ნახვა

ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის ონლაინ ფორმატში შეხვედრა გაიმართა. ქართული მხარის წარმომადგენელმა ისაუბრა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე. აბაშიძის განმარტებით, მიუხედავად პანდემიისა, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარებას, გრძელდება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. ბორდერიზაცია, ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფა. 

ყურადღება გამახვილდა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის დამტკიცებაზე, რაც ქართული მხარის შეფასებით წარმოადგენს დე-ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს. მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული კავშირების დინამიკა. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროებში ჩართული კომპანიების ინტერესების დაცვასა და პრობლემების მოგვარებაზე.

სატრანსპორტო კავშირებზე საუბრისას, რუსული მხრიდან აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების კონტექსტში შესაძლებელი იქნება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის განხილვა. თუმცა, ამ ეტაპზე რუსეთის მხარეს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს. ქართული მხრიდან აღინიშნა, რომ ამ თემის პოლიტიზება არასწორია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში