პურის ფასი არ გაიზრდება - სოფლის მეურნეობის მინისტრი

27 ნოემბერი 2020, 14:03 2344 ნახვა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო ხორბლის ფქვილს დაასუფსიდირებს. პროგრამა მომავალი კვირიდან ამოქმედდება და 31 მარტამდე გაგრძელდება. 

დავითაშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პურის ფასი არ გაიზრდება. 

''არაერთხელ ვთქვით, რომ პური არის განსაკუთრებული სტრატეგიული პროდუქტი და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე, იმ ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, რასაც  კორონავირუსი იწვევს, გლობალურად მათ შორის ჩვენს ქვეყანაში. 

ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე, გვქონდა შეხვედრები პურის მწარმოებლებთან, რომლის შედეგადაც საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ხორბლის ფქვილის სუბსიდირებაზე. იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ფასები, რომელიც პურის გაძვირებას აგვარიდებს თავიდან. 

პროგრამა მომავალი კვირიდან ამოქმედდება. შესაბამისად მოსახლეობას მინდა სრული პასუხისმგებლობით განვუცხადო, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება და პროგრამა იმოქმედებს 4  თვის განმავლობაში 31 მარტამდე.

შემდეგ ჩვენ დავაკვირდებით საერთაშორისო ბაზარზე სიტუაციას და როგორიც იქნება გლობალური ფასები მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებას. სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ასეთი ტიპის ინტერვენცია ამ ეტაპზე საჭირო იყო'' - განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, ქვეყანაში ხორბლის მარაგი არის. სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილის სუბსიდირებაზე დაახლოებით 10 მილიონ ლარს დახარჯავს.

ფასი განვსაზღვრეთ ფიქსირებული 53 ლარით.

''წისქვილებისთვის არის პირობა, რომ ამ ფასზე მეტად არ გაყიდიან პირველი ხარისხის ფქვილს,რომელიც პურის ცხობაში გამოიყენება. 53 ლარი იქნება ფქვილის 50 კილოგრამიანი ტომრის ფასი. სახელმწიფო სუბსიდია იქნება ტომარაზე არაუმეტეს 10 ლარისა. წისქვილები სხვადასხვა ფასს შემოგვთავაზებენ, გარკვეული კონკურენციაც იქნება, რომ სახელმწიფოს ნაკლები თანხა დაუჯდეს და შედეგი იგივე მივიღოთ, რომ პურის ფასი არ გაიზარდოს. დაახლოებითი ბიუჯეტი შეფასებულია, რომ თვეში 2-2.5 მილიონი ლარია და დაახლოებით მთელი პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

პურზე ფასის შენარჩუნების მიზნით, „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია“ და „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირი“ მთავრობას სუბსიდირების პროგრამის ამოქმედებისკენ მოუწოდებდა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი