პრემიერის შეხვედრა კლინიკების ხელმძღვანელებთან

23 ნოემბერი 2020, 18:10 937 ნახვა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, კორონავირუსის მართვის  პროცესში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კლინიკების ხელმძღვანელებთან ინტენსიურ შეხვედრებს განაგრძობს.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, არსებული საწოლფონდის რაოდენობასა და დამატებითი რესურსების მობილიზებაზე მთავრობის მეთაური, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, საქართველოს მასშტაბით მოქმედი კოვიდ-კლინიკების წარმომადგენლებს ესაუბრა.

პრემიერ-მინისტრმა დეტალურად მოისმინა ინფორმაცია თითოეულ კლინიკაში არსებული საწოლფონდის რაოდენობის შესახებ, ასევე – რა ნაბიჯები გადაიდგა მათი მხრიდან ბოლო შეხვედრის შემდეგ დამატებითი რესურსის მობილიზების მიმართულებით. გარდა ამისა, რა საჭიროებებს ხედავენ კლინიკის ხელმძღვანელები, რათა გაიზარდოს როგორც მოქნილობა, ასევე ეფექტურობა.

კლინიკების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე გაცხადებული გეგმის შესაბამისად, გამოათავისუფლეს დამატებითი საწოლები, როგორც თერაპიის, ისევე რეანიმაციის მიმართულებით და ამ კუთხით მუშაობას განაგრძობენ. მათი ინფორმაციით, ასევე კონტროლდება ვითარება იმ კოვიდ-სასტუმროებში, რომლებიც თითოეული კლინიკის თერაპიული მართვის ქვეშ იმყოფება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აქტიურად ხდება ჟანგბადის კონცენტრატებით მომარაგების უზრუნველყოფა და ამ კუთხით შეფერხებები არ არის.

„შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მნიშვნელობას, რათა კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, ხოლო მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა გაგრძელდეს ბინაზე – ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციით, ან კოვიდ-სასტუმროებში, სადაც უზრუნველყოფილია ინფიცირებულთა მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა“,- აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ შეხვედრისას განაცხადა, კოვიდ-სასტუმროებში მობილიზებულია საკმაოდ ფართომასშტაბიანი  საწოლფონდი, რომელიც აღჭურვილია ჟანგბადის კონცენტრატორებით და მათ მართავენ კონკრეტული კლინიკები საკუთარი მედპერსონალის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს პაციენტების უფრო მარტივ წვდომას საჭირო სამედიცინო მომსახურებაზე.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, სიტუაცია მართვადია და კონტროლს ექვემდებარება.

ამასთან, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის კვლავ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებად რჩება პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

როგორც მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და რესურსების ეფექტური მართვის მიზნით კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრები რეგულარულად, ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში