საქართველოში ნოემბრიდან სეზონური გრიპის გააქტიურებას ელოდებიან. სპეციალისტების რეკომენდაციების მიხედვით, უმჯობესია მოქალაქეებმა აცრა ორი კვირით ადრე გაიკეთონ.
გრიპის ვაქცინის პირველი ნაკადის შემდეგ, ქვეყანაში მისი დეფიციტია. არცერთ მსხვილ სააფთიაქო ქსელში ვაქცინის მარაგი არ აქვთ. საინფორმაციო ცხელ ხაზზე გვეუბნებიან, რომ ზუსტად არ იციან როდის შემოვა ვაქცინა. ნაწილი კი ამბობს, რომ ახალ ნაკადს ნოემბრის დასაწყისში ელოდებიან. ვაქცინა არ იყიდება არც შედარებით პატარა აფთიაქებში.
ვაქცინის მარაგები, ფაქტობრივად, ამოწურული აქვს კერძო სექტორსაც. მსურველებს უჭირთ იპოვონ კლინიკა, სადაც სეზონურ გრიპზე აცრას შეძლებენ.
კერძო კლინიკებში გვეუბნებიან, რომ მარაგი ამ ეტაპზე არ აქვთ და სიახლეების შესახებ ინფორმაცია ნოემბრის პირველ რიცხვებში გადავამოწმოთ.
''მცირეწლოვანი შვილი მყავს, რადგან კორონავირუსის ეპიდემიაა გადავწყვიტე ვაქცინა გავიკეთო და ავცრა შვილიც. დავრეკე თითქმის ყველა აფთიაქში, მაგრამ უშედეგოდ. არცერთ მათგანში ვაქცინა არ არის და არც ის იციან როდის შემოვა. გასულ წელს ვაქცინაციაზე არ მიფიქრია, ამიტომ არ ვიცი რა ხდებოდა მარაგების კუთხით. თუ ნოემბრის შუა რიცხვებამდე არ შემოიტანეს აზრი არ აქვს, დაგვიანებული იქნება ჩემთვის'' - უთხრა მაუწყებელს ერთ-ერთმა მოქალაქემ.
სახელმწიფო მხოლოდ რისკჯგუფების ვაქცინაციას უზრუნველყოფს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, 25 000 დოზა თბილისსა და რეგიონებში უკვე განაწილდა. კვირას კი ახალ ნაკადს ელოდებიან.
რისკჯგუფებში, რომლებსაც აცრას თავდაპირველად გაუკეთეს არიან: ორსულები, ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარები, ბავშვთა სახლის ბინადრები, საბავშვო ბაღების პედაგოგები და მომვლელი პერსონალი,აივ ინფიცირებულები, C ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფი პაციენტები და დიალიზზე მყოფი ადამიანები.
შემდეგ ეტაპზე კი წრე ფართოვდება და სხვა კატეგორიის მოქალაქეებიც ემატება, მაგრამ არა ის ადამიანები, რომლებიც არცერთ რისჯგუფს არ მიეკუთვნებიან.
ვაქცინის ფასი ბაზარზე 50 ლარიდან იწყება.