ჯოჭოში სტიქიის დროს დაღუპულების ოჯახის წევრების პროტესტი

15 ოქტომბერი 2020, 11:37 9036 ნახვა

ხელვაჩაურის მერის კაბინეტთან დღეს სოფელ ჯოჭოში, მეწყერის დროს გარდაცვლილი ოჯახის ახლობლები მივიდნენ. ისინი ჯუმბერ ვარდმანიძეს ელოდებიან.  გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ მერის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ასევე, მომხდარზე პასუხი უნდა აგონ გეოლოგიური სამსახურის თანამშრომლებმაც.

მათი თქმით, ოჯახმა დახმარებისთვის ხელვაჩაურის მერიას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა თვითმმართველობას რეაგირება არ მოუხდენია.

გარდაცვლილის დედამ, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ სოფელში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, არც სამძიმარზე და არც მომდევნო დღეებში  მერიის წარმომადგენლები და მათ შორის ჯუმბერ ვარდმანიძეც ოჯახთან არ ყოფილა.

სოფელ ჯოჭოს მოსახლეობა ამ წუთებში ხელვაჩაურის მერიის შენობასთან იკრიბება. ისინი გზის გადაკეტვას აანონსებენ და ჯუმბერ ვარდმანიძის გადადგომას ითხოვენ.

ხელვაჩაურის მერი, დაახლოებით 12-ის ნახევარზე სამუშაო კაბინეტში მივიდა. ჯუმბერ ვარდმანიძე ბრალდებებს უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ პასუხიმგებლობას არ გაურბის. 

მეწყერი სოფელში 1 ოქტომბერს, ღამით ჩამოწვა. მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლი და გზაზე მიმავალი ავტომობილი. გარდაიცვალა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში