ევროპაში მოგზაურობის ახალი გაიდლაინი ამოქმედდა 

13 ოქტომბერი 2020, 21:40 2016 ნახვა

ევროკავშირის ქვეყნებში, პანდემიის პირობებში, მოგზაურობის ახალი წესები, ე.წ “გაიდლაინები” ამოქმედდა. ინფორმაციას ამის შესახებ France24 ავრცელებს.

ახალი მითითებები მიზნად ისახავს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობასა და კორონავირუსის პანდემიის შემდგომი გართულებების თავიდან აცილებას.

მათი გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს არ შეეზღუდებათ მწვანე ზონებში გადაადგილება, თუმცა ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები უფლებამოსილი იქნებიან ქვეყნის ფარგლებში, განსხვავებული შეზღუდვები დააწესონ.

ახალი რეკომენდაციის თანახმად, რეგიონს მწვანე ზონის სტატუსი იმ შემთხვევაში მიენიჭება, თუ 14-დღიანი მაჩვენებლების მიხედვით, 100 ათას მოსახლეზე, ინფიცირების მაჩვენებელი 25-ზე ნაკლები, ხოლო ტესტირებულ ადამიანთა ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება.

„კორონავირუსის პანდემიამ ჩვენი ყოველდღიურობა მრავალი თვალსაზრისით დააზიანა. სამოგზაურო შეზღუდვებმა ჩვენს ზოგიერთ მოქალაქეს გაურთულა სამუშაოდ, სასწავლებლად ან ახლობლების მოსანახულებლად გადაადგილება. ჩვენი მოვალეობაა, უზრუნველვყოთ კოორდინაცია ნებისმიერი ზომისა და თავისუფალი გადაადგილების შესახებ. ამასთან – ჩვენი მოქალაქეების ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა სჭირდებათ მოგზაურობის დროს“ – აცხადებს გერმანიის სახელმწიფო მინისტრი, მიშელ როტი.

შეგახსენებთ, ვირუსის შეჩერების მიზნით, მარტის თვეში ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ საზღვრები დახურა. ივნისში კი, პანდემიის ფონზე 10 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა დაასახელა.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში