გორგილაძის ქუჩაზე გზის ნაწილი ჩავარდა და მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა - დაზიანებულია წყლის მილი

29 სექტემბერი 2020, 16:13 10837 ნახვა

ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე წყლის მილი დაზიანდა, დატბორილია საავტომობილო გზის ნაწილი და ტროტუარები. 

მილის დაზიანების გამო, გზის ნაწილიც ჩავარდა. 

თვითმხილველები ყვებიან, რომ ხმაური გაიგონეს, შემდეგ კი წყლის დიდმა ნაკადმა გზაც დააზიანა. აღნიშნულ მონაკვეთში ბევრი სავაჭრო ობიექტია. მეპატრონეები ამბობენ, რომ თუ რეაგირება სწრაფად არ მოხდება მაღაზიებიც დაიტბორება. 

''მაღაზიიდან ვუყურებდი, ავტომობილი  მიდიოდა და რაღაც  საშინელი ხმა იყო. წყალი გადმოდიოდა. დავრეკე 112-ში. თითქმის 45 წუთი გავიდა და ახლა მოვიდნენ. ეს თუ არ გაკეთდა კი შემოვა მაღაზიებში და დაიტბორება. აქ ვერც მომხმარებელი შემოვა და ვერც ჩვენ გავდივართ'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს ლამარა ვასაძემ. 

ამ წუთებში გორგილაძის ქუჩაზე ​ავტომობილების გადაადგილება შეფერხებულია. 

ადგილზე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი მივიდა. არჩილ ჩიქოვანის  ინფორმაციით, სპეციალისტები წყლის მილს შეაკეთებენ, ასევე მოაწესრიგებენ დაზიანებულ გზასაც. 

​''აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს წყლის მიწოდება შეუწყდებათ. აღდგენილი იქნება მილი და ორი-სამი დღის განმავლობაში ეს ხარვეზი გამოსწორდება. სამუშაოებს ''ბათუმის წყალი'' შეასრულებს, მათი პრეროგატივაა დაზიანებული მილების მოწესრიგება. რაც შეეხება გზას, უმოკლეს დროში, რამდენიმე დღეში მოწესრიგდება'' - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში