სამართალდამცავებმა, საქართველო-რუსეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, რუსეთის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული ვ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ყაზბეგში დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დაკავებული ვ.გ.-ს მამას – 1956 წელს დაბადებულ ა.გ.-ს საქართველოსა და რუსეთის ორმაგმა მოქალაქემ, 1981 წელს დაბადებულმა ა. მ.-მ მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რის შედეგადაც ა.გ.- გარდაიცვალა.
ამის შემდეგ, გარდაცვლილი ა.გ.-ს შვილმა – ვ.გ.-მ, შურისძიების მოტივით, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით მრავლობითი დაზიანება მიაყენა ა.მ.-ს, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა.
პოლიციამ ვ.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.