საქართველოს პროკურატურამ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წლის თებერვლიდან გამოაცხადა ტენდერები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების პროექტირება/მშენებლობის თაობაზე, რომელშიც გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ლაგი კაპიტალი.
მასშტაბურ პროექტზე ზედამხედველობა და შესრულების მონიტორინგი ევალებოდა მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელს და პროექტის მენეჯერებს. მათ ასევე ევალებოდათ კონტრაქტორის მიერ ტენდერის ფარგლებში ავანსის მოთხოვნის დასაბუთებულობის შემოწმება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
ბრალდებულისათვის ცნობილი იყო რომ ლაგი კაპიტალი ფონდისგან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე საავანსო თანხების გაცემას ითხოვდა, ისე რომ ხელშეკრულებებით ნაკისრ სამუშაოებს არ ასრულებდა. მიუხედავად ამისა, ბრალდებულმა ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და ლაგი კაპიტალს, ეტაპობრივად, სამშენებლო სამუშაოების დაწყების მიზნობრიობით, ავანსის სახით 11 200 000 ლარზე მეტი თანხა გადაურიცხა, ისე რომ რიგ შემთხვევებში ჯერ კიდევ ბაღების სამშენებლო პროექტები არ არსებობდა.
ჩარიცხული თანხებიდან ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელი პირები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 9 365 000 ლარს. შედეგად, პროექტით გათვალისწინებული 22 საბავშვო ბაღი არ აშენებულა.
ბრალდებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მოცემულ საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია მუნიციპალური განვითარების ფონდის 2 თანამშრომლის მიმართ, რომელთაც საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ.
ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ამჟამად პატიმრობაში მყოფი შპს ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელი პირების მიმართ, ფონდიდან საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1 211 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე,"- აღნიშნულია განცხადებაში.