საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

08 სექტემბერი 2020, 10:25 3305 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1729 გახდა - ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

45 შემთხვევა საქართველოსთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

განახლებული მონაცემების მიხედვით, გამოჯანმრთელდა 6 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში რჩება 5 882.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, 45 ახალი შემთხვევიდა 23 აჭარას უკავშირდება, 12 პაციენტს კი აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

​"45 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 3 არის "დონას" კლასტერი, 19 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 4 არის სამედიცინო პერსონალი "ავერსის" კლინიკიდან, 4 შემთხვევა შემოტანილია, აქედან 1 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, 12-ს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, 3-ზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა წყაროს და კონტაქტების დადგენის მიზნით.

 

45 ახალი შემთხვევიდან 23 უკავშირდება აჭარას და საინტერესოა ისიც, რომ 5 ჯგუფური შემთხვევა გვაქვს, ისინი არიან ფართომასშტაბიანი ქორწილიდან თბილისში.

 

გამოჯანმრთელებულების ციფრი მხოლოდ 6-ის გაიზარდა.

 

ქვეყანაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ავადობის მაჩვენებელი შეიცვალა. ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე ქვეყანაში გახლავთ უკვე 8. მართალია ამ მაჩვენებლით ჯერჯერობით ქვეყანა რჩება "მწვანე ზონად" იმიტომ, რომ ინციდენტობა 10-ზე ნაკლებია, მაგრამ ახალი 45 შემთხვევა ეპიდემიის პერიოდში პირველად დადასტურდა და შეიძლება ვთქვათ, რომ მან მიიღო უფრო მასშტაბური გავრცელება და ჩვენი ზომიერი, კონტროლირებადი მატება ეჭვის ქვეშ დგება. 

 

აჭარაში კიდევ უფრო სერიოზული მდგომარეობაა. აჭარა უკვე "წითელი ზონაა", ამიტომ იქ ალბათ დამატებითი ღონისძიებები იქნება გასატარებელი, კერძოდ: რეკომენდაციების შესრულებასა და მათ აღსრულებაზე კონტროლის გაძლიერება და ტესტირების კიდევ უფრო მეტად გაფართოება. ამ ეტაპზე რეგიონის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის."-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ეს ჯერ მეორე ტალღა არ არის. მას ოქტომბრის ბოლოდან, ნოემბრის შუა რიცხვებიდან ელოდებიან, როცა დაიწყება გრიპის და სხვა რესპირატორული დაავადებების თანდართვა.

კორონავირუსით საქართველოში 19 ადამიანი გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი