ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ღირსეული, სამართლიანი სახელმწიფოს შენება - თორნიკე რიჟვაძე

30 აგვისტო 2020, 13:52 483 ნახვა

ჩვენთვის დიდი პატივია, დღეს შეგხვდეთ თქვენ და კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ უახლოეს არჩევნებში კიდევ ერთხელ გვაქვს თქვენი იმედი, – ამის შესახებ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ქედაში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ანზორ ბოლქვაძის და ფრიდონ ფუტკარაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რიჟვაძის თქმით, "ბოლო რვა წელი გამორჩეული იყო, როგორც ქედისთვის, ისე, ჩვენი ქვეყნისთვის“.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ღირსეული, სამართლიანი სახელმწიფოს შენება, რომელსაც 2012 წელს საფუძველი დაუდო ჩვენი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, განვითარება და აღმშენებლობა იგრძნობოდეს ყველგან, როგორც ქალაქში, ასევე, სოფლად.

ქედა ყოველთვის იყო გამორჩეული, პირველ რიგში ქედელებით, თავისი შრომისმოყვარეობით, მუყაითობით და ყოველთვის ჩვენ ვიყავით ამაყი იმ შედეგებით, რომელიც გვქონდა ქედაში“,- განაცხადა რიჟვაძე.

აჭარის მთავრობის მეთაურმა ქედაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

„პრემიერმა დეტალურად ისაუბრა დაგეგმილ პროექტებზე, რომელიც განხორციელდა და განხორციელდება ქედაში. მინდა, რამდენიმე მათგან შევეხო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ სოფლის მეურნეობას, ეკოტურიზმს ახალი დინამიკა, ახალი განვითარება მიეცა. იცით, რომ წელს როგორც ქედაში, ისე, მთლიანად აჭარაში და მთელს ქვეყანაში არ დარჩენილა არც ერთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც არ დამუშავებულა. რა თქმა უნდა, ეს არის წინაპირობა მეტი განვითარების, ეს არის საშუალება, კიდევ უფრო მეტი კეთილდღეობა ჰქონდეს თითოეულ ქედელ გლეხს, ფერმერს.

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდით. დარწმუნებული ვარ, წარმოდგენილი კანდიდატები დაიმსახურებენ თქვენს ნდობას და ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის, ჩვენი აჭარის წარმატებისთვის და რა თქმა უნდა, ქედის წარმატებისთვის“,- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში