წლევანდელი წელი ეუთო-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჰელსინკის დასკვნითი აქტის მიღებიდან უკვე ორმოცდაათი წელი გავიდა და ეს თარიღი გვახსენებს, რომ ნახევარი საუკუნის წინ შეთანხმებული პრინციპები, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, დავების მშვიდობიანი მოგვარება და ადამიანის უფლებების პატივისცემა დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მშვიდობის, სტაბილურობისა და მილიონობით ადამიანის ღირსებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუეთო-ს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველოსთვის ეს პრინციპები მხოლოდ თეორიულ დატვირთვას არ ატარებს.
„ეს პრინციპები პირდაპირ ეხმიანება უსაფრთხოების იმ ძირითად გამოწვევებს, რომლის წინაშეც ჩემი ქვეყანა დგას. საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოცი პროცენტი დღემდე ოკუპირებულია და რუსეთის კვლავ აგრძელებს არალეგალურ სამხედრო ყოფნას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. ოკუპაციის შედეგები მძიმეა: ეთნიკური წმენდა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევები, წამებისა და მკვლელობის ტრაგიკული შემთხვევები და ასიათასობით იძულებით გადაადგილებული პირი, რომლებიც ათწლეულებია იმედით ელიან საკუთარ სახლებში დაბრუნებას. საერთაშორისო საზოგადოებამ ვერ და არ უნდა უგულებელყოს ჰიბრიდული ომი და ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯები. რუსეთის პასუხისმგებლობა ოკუპაციასა და ადგილზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ. მიუხედავად ამისა, რუსეთი აგრძელებს საკუთარი ვალდებულებების უგულებელყოფას. ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ სრულდება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კვლავ არ ეძლევა შესაძლებლობა სრულად განხორციელოს თავისი მანდატი და ჰქონდეს წვდომა ოკუპირებულ რეგიონებზე. საქართველოს მიზანია კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამ მხრივ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მნიშვნელოვან მექანიზმად რჩება“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა ორ ძირითად მიმართულებას ეფუძნება – ქვეყნის დეოკუპაციას და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საზოგადოების შერიგებას.
„გამოვხატავთ მადლიერებას ჩვენი პარტნიორების მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. უმნიშვნელოვანესია, რომ რუსეთ–საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება ეუთო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტთა შორის იყოს. აქვე მინდა, მივესალმო ეუთო-ში შვეიცარიის მომავალ თავმჯდომარეობას და ველით წლის დასაწყისში თავმჯდომარეობის ვიზიტს საქართველოში. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ კიდევ უფრო გააძლიერა ის საფრთხეები და მოწყვლადობა, რომელთა წინაშეც საქართველო დგას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩემს ქვეყანას არ იცავს არანაირი კოლექტიური უსაფრთხოების ქოლგა. ამ კონტექსტში ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სტაბილურობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ღრმად ვართ შეშფოთებულნი მართული დეზინფორმაციის კამპანიებისა და ზოგიერთი აქტორის კოორდინირებული ქმედებებით, რომლებიც მიმართულია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების წინააღმდეგ. ეს დესტრუქციული მცდელობები მიზნად ისახავს ზიანი მიაყენოს საზოგადოების ნდობას, გააღრმაოს პოლარიზაცია და შეასუსტოს სახელმწიფოს საფუძვლები. სამწუხაროდ სულ უფრო ხშირად ვხედავთ მსგავსი მიზნებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების ბოროტად გამოყენების მცდელობებს, რაც ზიანს აყენებს მათ რეპუტაციას და მათდამი საზოგადოების ნდობას. მეტიც, ქვეყნის შიგნით რადიკალიზაციის წახალისება ვერ და არ შეუწყობს ხელს რეგიონულ უსაფრთხოებას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველო აგრძელებს სტაბილურობის გამყარებას საკუთარი დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვისა და მდგრადობის გაძლიერებით, ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაციისა და ჩვენი სუვერენიტეტის შერყევისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობის საპასუხოდ.
„გვჯერა, რომ დემოკრატიული მმართველობის დაცვა და მდგრადობა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის წინაპირობაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ევროპაში. ნება მომეცით, ვისარგებლო შემთხვევით და მივესალმო ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას – „მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის“, რომელიც ვაშინგტონში იქნა მიღწეული შეერთებული შტატების პრეზიდენტის შუამავლობით. ეს ისტორიული შეთანხმება მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია სამხრეთ კავკასიაში განგრძობადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად და მყარ საფუძველს ქმნის რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობისა და განვითარების ახალი შესაძლებლობებისთვის. საქართველო მტკიცედ განაგრძობს მშვიდობისა და რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობას და მზადაა, იმუშაოს ყველა პარტნიორთან საერთაშორისო სამართლის აღსრულების, სუვერენიტეტის დაცვის და სამხრეთ კავკასიასა და ეუთო-ს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა მინისტრმა.
