ბათუმის მერიის ინფორმაციით, გუშინ მოსული უხვი ნალექის გამო 30 სახლი დაიტბორა, მეწყრული პროცესი კი 11 ლოკაციაზე განვითარდა. ერთ მისამართზე სახურავი, ხოლო ერთ-ერთ შენობაში კონსტრუქცია ჩამოინგრა. 4 ადამიანი დროებით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
მერიის ცნობით, განვითარებულმა სტიქიამ მნიშვნელოვნად შეაფერხა საავტომობილო გზებზე გადაადგილება და შექმნა გარკვეული ტიპის დისკომფორტი.
''ყველა ის ოჯახი, რომელიც დაზარალდა სტიქიის გამო, მერიის შესაბამისი კომისიის მსჯელობის საფუძველზე მიიღებს კომპენსაციას. რამდენიმე საათის განმავლობაში გვქონდა შეფერხება ავტომაგისტრალზე, თუმცა გუშინ საღამოსვე, ორმხრივი მოძრაობა სწრაფადვე აღდგა. ამ ეტაპისათვის შეფერხება გზებზე გადაადგილების ნაწილში არ არსებობს. დილიდანვე დაიწყო ბათუმის ქუჩების მორეცხვითი და დასუფთავების სამუშაოები. პარალელურად, დასუფთავებითი ღონისძიებები სანაპირო ზოლში მიმდინარეობს'' - განაცხადა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა.
გუშინ მოსული უხვი ნალექის გამო ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.
ფოტო: ბათუმის მერია