შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა მტკვარზე ჩატარებული საძიებო სამუშაოების შედეგად “ბაუჰაუს” ბარიდან დაკარგული ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისში მდებარე “ბაუჰაუს” ბარიდან 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება, 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები.
საქმეზე უკვე ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხული არიან “ბაუჰაუს” ბარის თანამშრომლები, დაკარგული ახალგაზრდების ოჯახის წევრები, მეგობრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები.
ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო და საძიებო სამუშაოები “ბაუჰაუს” ბარიდან დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცზე.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.