12 წელი აგვისტოს ომიდან

07 აგვისტო 2020, 14:11 260 ნახვა

დღეს, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან  12  წელი  შესრულდა.  2008 წლის აგვისტოს ომში 170  მეომარი დაიღუპა.  თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, რუსულ ინტერვენციას 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი ემსხვერპლა, დაიჭრა 1 747 ადამიანი. საკუთარი სახლები კი  იძულებით დატოვა  150 ათასამდე ადამიანმა.

12  წლის წინ 8 აგვისტოს, დაახლოებით ღამის პირველის ნახევარზე საქართველოს ხელისუფლებამ კონფლიქტის ზონაში “კონსტიტუციური წესრიგის” აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ღიად რუსეთი ომში 8 აგვისტოს ჩაერთო.

საქართველოს ტერიტორიაზე როკის გვირაბის გავლით და ფსოუს საზღვრიდან 15  ათასამდე  რუსი  სამხედრო  შემოვიდა. რუსულმა ავიაციამ  საჰაერო  იერიშები მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განთავსებულ სამხედრო ბაზებსა და აეროდრომებზე.

ორჯერ დაიბომბა გორი, მათ შორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა, ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარი. დაიბომბა ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზები. რუსეთის 58-ე არმიამ, ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებთან ერთად, ახალგორის რაიონი, ზემო აფხაზეთი, ზუგდიდი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი, საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დაიკავა.

აქტიური საბრძოლო მოქმედებები 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის თანახმად შეწყდა. რუსეთ-საქართველოს ომი ისტორიაში "5-დღიანი ომის" სახელით შევიდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში