19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. შაქარაშვილი 19 ივნისს, დაბადების დღის წვეულების შემდეგ გაუჩინარდა. მაშველებმა მისი ცხედარი ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს.
საქმეზე 17 პირია ბრალდებული. მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს, ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს. გუშინ მხოლოდ ერთმა ბრალდებულმა აღიარა ჩხუბის ინციდენტში მონაწილეობა.
ადვოკატები ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.
11 სრულწლოვან ბრალდებულს, ირაკლი მუმლაძეს, თენგიზ ბარბაქაძეს, საბა გოგშელიძეს, გიგა ტატიაშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკა ჟვანიას, საბა ჩხარტიშვილს, ვასილ მახარაძეს, არჩილ გაგნიძეს, ირაკლი წაქაძესა და ნიკოლოზ რევაზიშვილს, გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას. საქმე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლითაც მიმდინარეობს, თუმცა, ჯერ ეს მუხლი არცერთ ბრალდებულს წარდგენილი არ აქვს.
შაქარაშვილის ოჯახი მოითხოვს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლი წაუყენონ „ტოიოტა კამრის“ იმ ექვს მგზავრს, რომლებიც გიორგი შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფ ახალგაზრდებს მცხეთის მაგისტრალზე დაესხნენ თავს.
ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ ამ თემის სკანდალი და პოლიტიზირება არ გამოვიდა, კონკრეტულ პირებს კი ახლა სურთ დამნაშავეებიც არ დაისაჯონ. უფლებადამცველი ყვება, რომ "ტოიოტა ქამრი"-ში მყოფი პირებიდან სამი გიორგი შაქარაშვილს მისდევდა, ორმა კი გზა გადაუღობა და ფეხბურთელი ჩიხში მოაქცია. მირიან მეტრეველი ვარაუდობს, რომ სწორედ ამის შემდეგ წავიდა გიორგი ბილიკზე არაგვის პირას, სადაც მას გაუსწორდნენ და დაახრჩვეს.
''სამი პირი "ტოიოტა ქამრი"-ის მგზავრები მოყვებიან გიორგის, ახვლედიანს და ამირხანაშვილს. მდევრებმა გიორგი ალყაში მოახვედრეს. ამირხანაშვილი სიღრმეში ჩავიდა და დამალა. მადევრები გიორგის მისდევდნენ. დამცავი ზოლის მიღმა გადახტა და არგვისკენ წავიდა ბილიკით. იქ მიაყენეს დაზიანებები და ჩაახჩეს. ჩვენ ეს გზა გავლილი გვაქვს მშვიდად, სირბილით, დღისით, ღამით. როცა იცი, რომ მოსაკლავად მოგსდევენ არ არის ასეთი რთული ჩასარბენად. ვიღაცეებს სურდათ, ეს წყალი დაბალი გამოჩენილიყო, მაგრამ ნელ-ნელა ღრმავდება და ადამიანს მალავს ბოლომდე. არ არის ისეთი მდორე წყალი, აქვს დინება. გიორგი ნებაყოფლობით წყალში არ აღმოჩნდებოდა. თუ ვინმე არ შეიყვანდა და არ დაახრჩობდა.
თავიდან გვეგონა რომ ჩანთა გიორგიმ თავად დადო, ახლანდელი ექსპერტიზის დასკვნით ნათელია, რომ ასე არ არის. ამიტომ ტარდება გენეტიკური ექსპერტიზა, რომლის პასუხსაც ველოდები'' - აცხადებს მირიან ნიკოლაძე.
შეიძლება გიორგის მეექვსე პირიც მოსდევდა. ჯერ გასარკვევია, ქრონომეტრაჟია გასავლელი და კიდევ არის რაღაც გარემოებები. მძღოლი ამ დროს რას აკეთებდა? მისი როლი ნელ-ნელა ირკვევა, რა შეეძლო მას მოემოქმედებინა იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ის შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. მახარაძესთანაც იგივე პრეტენზია გვაქვს, რაც ''ქამრის'' დანარჩენ მგზავრებთან", - აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ "თავისუფალ სივრცეში" საუბრისას.
შაქარაშვილის საქმე უკვე 19 ტომს მოიცავს.