სირცხვილი რექტორს და მის ''მორჩილ'' ეთიკის კომისიას - ერთი კაცის აქცია საზღვაო აკადემიასთან 

22 ივლისი 2020, 12:32 2974 ნახვა

ბათუმის საზღვაო აკადემიის ყოფილი ლექტორი, ასოცირებული პროფესორი და სამეცნიერო საქმიანობის ხელმძღვანელი ვაჟა ანანიძე სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებს. მან დათხოვნასთან დაკავშირებით ბრძანება გუშინ მიიღო. 

დღეს, 22 ივლისს, გათავისუფლებულმა თანამშრომელმა უმაღლესი სასწავლებლის შენობასთან ერთი კაცის აქცია გამართა. ''სირცხვილი რექტორს და მის ''მორჩილ'' ეთიკის კომისიას - ასეთი შინაარსის ბანერით მივიდა ანანიძე აკადემიასთან.

იგი ყვება, რომ 2017 წლიდან სარედაქციო კომიტეტის ხელმძღვანელი იყო და სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებას უწევდა ორგანიზებას. ამბობს რომ მისი ამ პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ სამეცნიერო ნამუშევრების რაოდენობა შემცირდა, რადგან აკადემიაში ყალბი ნამუშევრები აღარ შედიოდა. ეს ფაქტი კი ხელმძღვანელობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ანანიძე ყვება, რომ 2019 წელს მოქმედმა რექტორმა გადაწყვიტა სადოქტორო პროგრამა შემოეღო, რასაც ის ეწინააღმდეგებოდა.

''ვურჩიე უარი ეთქვა ამ პროგრამაზე, რადგან აკადემია მზად არ იყო. რადგან საჭირო რაოდენობის მეცნიერები აკადემიას არ ყავს. ჩემი წინააღმდეგობის გამო გამათავისუფლეს. დოქტორანტურის პროგრამა, რექტორის კორუფციული ინტერესია'' - განაცხადა ანანიძემ. 

გათავისუფლებული თანამშრომელი ამბობს, რომ უნივერსიტეტში ჩატარებული გამოკითხვებით, ის სამ საუკეთესო ლექტორს შორის დასახელდა. 

აჭარის მაუწყებელი აკადემიის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც საკითხზე წერილობით გვიპასუხეს.

''ვადასტურებთ, რომ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორის 2020 წლის 17 ივლისის N02-346 ბრძანებით თანამშრომელი (ვ.ა.) გათავისუფლდა დაკავებული აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობებიდან. გათავისუფლებას საფუძვლად დაედო დისციპლინური საქმისწარმოება, რომელიც დაიწყო 2020 წლის 25 მაისს.

გამომდინარე იქედან, რომ დისციპლინური კომისია განიხილავდა ეთიკის ნორმების დარღვევის საკითხებს და საქმეში ფიგურირებს როგორც აკადემიური პერსონალი ასევე სტუდენტები, მათი ინეტერესების დაცვიდან გამომდინარე სხდომები იყო დახურული.

პატივს ვცემთ როგორც თანამშრომელთა ინტერესებს, რათა არ გასაჯაროვდეს მათ მიმართ არსებული გადაცდომების შესახებ ინფორმაცია, ასევე პატივს ვცემთ ყველა წარმოებაში გამოკითხული თუ ჩართული პირის ინტერესს დაცული იყოს მათი პერსონალური მონაცემები, შესაბამისად ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის უფლებამოსილი თავად ამ პირების თანხმობის გარეშე გაასაჯაროვოს ან გასცეს რაიმე ინფორმაცია'' - წერია განცხადებაში. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში