ქობულეთში, მდინარე აჭყვაში თევზები იხოცებიან

21 ივლისი 2020, 12:01 4427 ნახვა

ქობულეთში, მდინარე აჭყვაში რამდენიმე დღეა დახოცილი თევზები ტივტივებს. ქაშაყი და კეფალი წყალმა ნაპირზეც გამორიყა. ტერიტორიაზე სპეციფიკური სუნია. 

მოქალაქეები მომხდარს, მდინარეში გადამუშავებული ციტრუსის ნარჩენების გადაყრას უკავშირებენ, რომელიც დაახლოებით 6 თვის წინ მოხდა. 

მდინარე აჭყვა ლესელიძის ქუჩის მიმდებარე მონაკვეთშია დაბინძურებული.

ადგილობრივები საკითხის შესწავლას და დახმარებას ითხოვენ.

ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე ამბობს, რომ მდინარეში თევზების დახოცვა საწარმოების მიერ მდინარის დაბინძურებას არ უკავშირდება. მისი თქმით, მიმდინარეობდა სამელიორაციო სამუშაოები, რის გამოც მდინარე ორი დღით იყო ჩაკეტილი. აღნიშნული პრობლემებიც წყლის ნაკადის შემცირებამ გამოიწვია.

''მდინარე აჭვაზე სამელიორაციო სამუშაოები ჩატარდა, რის გამო წყლის დონემ დაიწია. ნაკადის შემცირებამ გამოიწვია თევზების დახოცვა და სუნი. წყლის დონე მოიმატებს და არხიც გაიწმინდება. ​​ზოგადად, გაწმენდა არის გრძელვადიანი პერსპექტივა და დონორთან ერთად ვმუშაობთ. იგეგმება სრული რეაბილიტაცია, რაც კალაპოტის გაფართოებასაც ითვალისწინებს'' - განაცხადა ქობულეთის მერმა.

ქობულეთში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სპეციალისტებმა წყლის სინჯები და დახოცილი თევზებიდან საკვლევი მასალა აიღეს. მიზეზების დასადგენად სინჯები ეროვნულ სააგენტოში გადაიგზავნება.

ზედამხედველობის დეპარტამენტში მანდარინის ნარჩენებით თევზების დახოცვას გამორიცხავენ.

სპეციალისტებმა ნახეს ის ადგილებიც, სადაც მეწარმეებმა ციტრუსი გადაყარეს. ამბობენ, რომ არცერთი მათგანი მდინარესთან ახლოს არ არის.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი