ბათუმის ყოფილი მერი, ლაშა კომახიძე თანამდებობის დატოვების შემდეგ, განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს:
"მოგესალმებით მეგობრებო! მინდა დიდი პატივისცემით, სიყვარულითა და სითბოთი მივმართო ჩვენს მოქალაქეებს-ბათუმელებს! პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმ ერთგვარი ტურბულენტობისთვის, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შეიქმნა ჩემ ირგვლივ. მერწმუნეთ, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი კვირა, რომელიც მე გამოვიყენე დეტალური და ღრმა ანალიზისთვის.
მინდა დავადასტურო გავრცელებული ინფორმაცია არჩეული მერის პოზიციიდან ჩემი გადადგომის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება მივიღე საკითხისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომითა და ყველას ინტერესის გათვალისწინებით. სიტყვა „ყველა“-ში ვგულისხმობ ჩვენი ქალაქის ინტერესებს, მოქალაქეების ინტერესებს და იმ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტების ბოლომდე მიყვანის აუცილებლობას, რომელიც ჩვენი ქალაქის მომავალი და ხვალინდელი დღეა.
მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით იმ ამომრჩეველს, რომელმაც 2017 წელს, ოქტომბერში, პირველივე ტურში ხმების 56%-ით გამოხატა ნდობა ჩემსა და მთლიანად ჩვენი გუნდის მიმართ. დღეს, სამი წლის შემდეგ, მინდა გითხრათ, ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენთვის სამსახური! გემსახურეთ ღირსებით და ერთგულად! ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ყოველთვის გვქონდა ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო და რეგულარული კომუნიკაცია. მადლობელი ვარ იმისთვის, რომ მომეცა საშუალება ბევრი თქვენგანის პრობლემა მომეგვარებინა!
მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, როგორც მერიის სისტემიდან, ასევე საკრებულოდან და მერის მრჩეველთა საბჭოს. ჩვენ ერთად უამრავი სიკეთე შევქმენით ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვისა და სოციალური, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში ხორცშესხმული და რეალიზებული პროექტის სახით!
მადლობა მინდა გადავუხადო ქართული ოცნების მრავალრიცხოვან გუნდს, რომელთან ერთადაც არაერთი დიდი გამარჯვება მოგვიპოვებია, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს-ვისთან ერთადაც მქონდა მუშაობის პატივი ჯერ კიდევ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ხოლო შემდეგ ქალაქ ბათუმის არჩეული მერის პოზიციაზე. მინდა წარმატებები ვუსურვო მათ ქვეყნის, რეგიონისა და ქალაქის რთულ და საპასუხისმგებლო სამსახურში. ვარ და ხვალაც ვიქნები თქვენი გულშემატკივარი!
დასასრულს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს ამ პერიოდში ჩემ მიმართ გამოჩენილი სიყვარულისთვის, გაგებისთვის, მოთმინებისთვის, გვერდში დგომისთვისა და ერთგულებისთვის. ჩვენ ბევრი ლამაზი დღე გველოდება მომავალში.", - წერს ლაშა კომახიძე