საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად სპეცრეისები დაინიშნა

08 ივლისი 2020, 11:36 1197 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის განცხადებით, გერმანიასთან, საფრანგეთთან, ლიტვასთან, ლიეტუასთან და ესტონეთთან რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, მოლაპარაკებები  საერთაშორისო ავიაკომპანიებთან მიმდინარეობს.

"ევროკავშირის იმ 5 ქვეყნის მიმართულებით, რომლებთანაც ჩვენ უპირობოდ ვხსნით საზღვრებს, საავიაციო მიმოსვლის და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან. მათ შორის, ავიაკომპანია Lufthansa-სთან უკვე მიღწეულია შეთანხმება მიუნხენის მიმართულებით 2020 წლის აგვისტოდან კვირაში 2 რეისის განხორციელებასთან დაკავშირებით, ასევე ვმუშაობთ AirBaltic-სა და AirFrance-თან.

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები - Wizzair-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ შემდეგ ავიარეისებს:

13 ივლისი - ვარშავა,
15 ივლისი - ბარსელონა,
17 ივლისი - რომი,
22 ივლისი - პარიზი,
28 ივლისი - ათენი.

აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი"-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში, ერთჯერად შესრულდება კატარის ავიახაზების კომერციული ჩარტერული რეისი, დედაქალაქ დოჰადან, საიდანაც სამშობლოში საქართველოს 105 მოქალაქე დაბრუნდება.

საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე შენარჩუნდება დღეს მოქმედი რეგულაციები.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ მოხდება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე ჩვენი მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში