სახალხო დამცველის ოკუპირებულ ახალგორში დე ფაქტო უშიშროების მიერ აბიტურიენტების დაშინების ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს. დოკუმენტში წერია, რომ 18 ივნისს მასმედიის საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, ოკუპირებულ ახალგორში დეფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ აბიტურიენტების დაშინების ფაქტებზე, რაც კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან თანამოქალაქეები მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით.
''2017 წლის შემდეგ ოკუპირებული ახალგორის ყველა სკოლაში დაწყებით კლასებში სრულად აკრძალულია ქართულ ენაზე სწავლება, ხოლო ქართული ენა, როგორც უცხო ენა, მხოლოდ სკოლების ნაწილში ისწავლება. ეს ფაქტი უარყოფით გავლენას ახდენს როგორც მოსწავლეთა ქართული ენის ცოდნაზე, ისე განათლების ხარისხზე. მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის შედეგად, ოკუპირებულ ახალგორში ყოველწლიურად იკლებს სკოლის მოსწავლეების რაოდენობა. მშობლიურ ენაზე განათლების უფლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი წლებია თავის ყოველწლიურ ანგარიშებში საუბრობს'' - წერია განცხადებაში.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ამჟამად ახალგორის რაიონში მოქმედი 7 სკოლიდან მხოლოდ 6 სკოლაში ისწავლება ქართულად და ისიც მხოლოდ მე-7 კლასიდან მე-11 კლასამდე. დანარჩენ შემთხვევებში, ქართულ ენას მხოლოდ კვირაში ხუთი საათი ეთმობა. 2019 სასწავლო წელს 4 სკოლას საერთოდ არ ყავდა პირველკლასელები.
''განათლების უფლება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებაა. ის განმტკიცებულია როგორც გაეროს, ასევე ევროსაბჭოს შესასრულებლად სავალდებულო ხელშეკრულებებში. ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტი ვრცლად საუბრობს განათლების უფლებაზე და მის მიზნებზე, რომლის მიხედვითაც, განათლება მიმართული უნდა იყოს „ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისკენ“ და „განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას“- აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განაგრძოს პროაქტიული ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეებისა და აბიტურიენტების განათლების უფლების დაცვის მიზნით.