ბოლო ერთი თვის განმავლობაში, თბილისში, ცოფის ვირუსის მეორე შემთხვევა ქინძმარაულის #45-ში დაფიქსირდა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, მოქალაქის მომართვის საფუძველზე, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანეს ძაღლი, რომლის ბუნებრივი ლეტალობის დაფიქსირების შემდეგ, ცოფის ვირუსის გამოსავლენად, ცხოველის პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. მასალის კვლევის შედეგად, ცხოველში ცოფის ვირუსი დადასტურდა.
ცოფის ვირუსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთობლივად განახორციელებენ.
მიმდინარე წელს, დედაქალაქში ცოფის ვირუსის ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა. ანტირაბიული ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, როგორც შინაურ ცხოველებში ცოფის მიმართ მდგრადი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისა და ვირუსის პრევენციისათვის, ასევე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის.