ბოლო ერთ თვეში ქუთაისის მერიაში პოსტი სამმა თანამდებობის პირმა დატოვა

10 ივნისი 2020, 15:35 1996 ნახვა

ბოლო ერთ თვეში ქუთაისის მერიაში პოსტი მესამე თანამდებობის პირმა დატოვა. ამჯერად საქმიანობა ადგილობრივი თვითმმართველობაში მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსმა გია ჩიჯავაძემ შეწყვიტა.

გია ჩიჯავაძე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ პოსტი მან საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ჩიჯავაძე მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოცილურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსის პოზიციაზე 5 წლის განმავლობაშ მუშაობდა.

მანამდე ქუთაისის მერიაში პოსტები დატოვეს მერიის ადმინისტრაციული და აუდიტის სამსახურის უფროსებმა. 8 აპრილს კი ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია გადადგა. ყველა შემთხვევისას თანამდებობის დატოვების ოფიციალურ მიზეზად პირადი განცხადება სახელდება.

ქუთაისის მერიაში დამატებით კომენტარს არ აკეთებენ. ამბობენ, რომ სამივე შემთხვევაში თანამდებობები პირებმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს.

ოპოზიცია ქუთაისის მერიაში საკადრო გადაადგილებებს არჩევნების მოახლოებას უკავშირებენ. „ნაცვლად იმისა, რომ პოსპანდემიური პრობლემების მოგვარებით ზრუნავდეს ხელისუფლება ახლა დაკავებულია არჩევნების მზადებით. ნადირობაა გამოცხადებული გიორგი ჭიღვარიას,, ყოფილი მერის კადრებზე. ძირითადად, შევარდნაძის დროინდელი კადრების მობრუნება ხდება. ხდება შიდა გადადგილებები. საბოლოო ჯამში ახალ მიმდინარეობს კლანებს შორის ხელისუფლების გადანაწილება, მიმდინარეობს ბრძოლა გავლენებისათვის, ვის მეტი ადამიანი ეყოლება სიაში, ვის დარჩება ტენდერები, ვის დარჩება ადმინისტრაციული რესურსი,“- აცხადებს ქუთაისი საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიგა შუშანია.

ქუთაისის მერიაში საკადრო გადაადგილბებს გამოეხმაურნენ პარტია „ლელოში“.

„ქუთაისის მერიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული ოცნება გეგმავს არჩევნებზე საჯარო მოხელეების საკუთარი პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას. ხელისუფლება არ ერიდება კანონის დარღვევას და ფიქრობს, რომ ამ და სხვა რესურსების მობილიზებით როგორმე შეინარჩუნებს ძალაუფლებას. მერის გადადგომის შემდეგ, ამ მოკლე პერიოდში მერიის რამდენიმე თანამდებობის პირის საკუთარი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლება ამის ნიშანია. არაერთხელ გვინახავს წინასაარჩევნოდ საკუთარი განცხადებებით წასვლა საჯარო სამსახურიდან და ვიცით ეს რა სქემაა,“- განაცხადა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

ქუთაისის მერიის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ოპონეტები პროცესების პოლიტიზირებაში დაადანაშაულეს.

“არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციური პარტიები ცდილობენ პროცესების პოლიტიზებას, რას სავსებით გასაგებია, თუმცა, მინდა მათ შევახსენო საჯარო სამსახურის რამდენიმე პრინციპი - ღიაობა, ანგარიშვალდებულება და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. ეს არის ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის გაცხადებული ღირებულება, ამიტომ ოპოზიციის მცდელობას, ჩრდილი მიაყენონ საჯარო სამსახურს და საჯარო მოხელეებს, აქვს ერთადერთი შეფასება, ეს არის მავნებლობა. რაც შეეხება მუნიციპალიტეტში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს, ეს პროცესი არის საჯარო და გამჭვირვალე. კონკრეტული თანამდებობის პირების მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკან არის მათი ინდივიდუალური და პირადი მიზეზები. ნებისმიერი ცვლილების პირობებში ჩვენთვის მთავარია 2020 წლისთვის დაგეგმილი პროექტები, ასევე მიმდინარე პროგრამები წარმატებით განვახორციელოთ, მით უმეტეს გლობალური პანდემიის პირობებში“ -განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი