აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ბიზნესსექტორს დაეხმარებიან და კომპანიებს გარკვეული ტიპის შეღავათებს დაუწესებენ. საკითხზე კი დღეს მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ. განკარგულების მიხედვით, ინვესტორებისთვის დამატებითი საშეღავათო ვადა არსებული 4 თვის ნაცვლად, 6 თვით განისაზღვრება. პროექტის ინიცირება მიმდინარე წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვეებში ეკონომიკური საქმიანობების შეზღუდვებმა განაპირობა.
ამავე განკარგულების პროექტის მიხედვით, ინვესტორები 2020 წლის 1 მარტიდან 31 მაისის ჩათვლით, ქონების სარგებლობის საიჯარო საფასურისგან თავისუფლდებიან.
მითითებულ ვადაში, ინვესტორის მიერ სარგებლობის საფასურის სრულად ან ნაწილობრივ გადახდის შემთხვევაში, ინვესტორი გათავისუფლდება სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისგან გადახდილი თანხის ოდენობით, საშეღავათო ვადის გასვლის შემდგომ პერიოდში.
თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, სანქციებისა და ჯარიმების მექანიზმი კომპანიებზე ამ შემთხვევაში არ გავრცელდება.
დღეს ასევე ''ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის საკითხიც განიხილეს. კანონპროექტის მიხედვით, ქონების მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების არანაკლებ 50%-ის შესრულების დადგენილი წესით დადასტურების შემთხვევაში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საბანკო გარანტიის შესაბამისი ოდენობით შემცირების თაობაზე.
'' დღეს განვიხილავთ რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივას, ეს ეხება ბიზნესის მხარდაჭერას. განკარგულების შესაბამისად ჩვენ ვადებს გადავხედავთ და აქ სანქცირების და სხვა სახით დაჯარიმების მექანიზმები აღარ გავრცელდება იმ კომპანიებზე, რომლებიც შეფერხდნენ. ჩვენ როგორც ვთქვით, ბიზნესის მხარდაჭერას გავაგრძელებთ.
მეორე საკითხი ეხება ქონებას. ცვლილებების მიხედვით ვაპირებთ საბანკო გარანტიების პროპორციულ შემცირებას. ეს დაეხმარება ბიზნეს და კომპანიებს ლიკვიდობის მისაღწევად. როგორც მთავრობამ, ასევე მუნიციპალიტეტებმა მაქსიმალური თანამშრომლობის ფორმატში უნდა შევძლოთ ბიზნეს დავუდგეთ მხარში, ვინაიდან ის გამოწვევები, რომელიც გვქონდა მოითხოვს პროაქტიულ ღონისძიებებს'' - განაცხადა რიჟვაძემ.