პანდემიის მიუხედავად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს დედაქალაქებშიც აღინიშნება

26 მაისი 2020, 10:23 1924 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ტრადიციულად, საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები.

საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება იერუსალიმის ძველი ქალაქის იაფოს კარიბჭის შესასვლელი. იაპონიაში, ქ. ტოკიოს ცენტრში შენობებზე გამოისახება საქართველოს დროშის ფერები.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ლიეტუვის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა - თეთრი ხიდი, ასევე ქ. კაუნასის „რატუშე“. საქართველოს დროით 17:10 საათზე ვილნიუსის მთავარ საკათედრო მოედანზე გაიშლება საქართველოს გიგანტური დროშა და შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ხოლო - ესტონეთსა და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოების შენობებზე გამოისახება საქართველოს დროშის ფერები.

ნიდერლანდების სამეფოში, ჰააგის სამრეკლოდან გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი.

აშშ-სა და მექსიკაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართება შემეცნებითი ონალინ-კონფერენციები, აშშ-ში საქართველოს საელჩოს სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელდება მასალა ქართული კულინარიის შესახებ და საელჩოს შეფმზაეულის მასტერ-კლასი.

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია დარჩიაშვილი და პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის ვიცე-მარშალი მალგოჟატა გოშევსკა, სიმბოლურად გვირგვინით შეამკობენ ვარშავის აჯანყების მუზეუმში, თავისუფლების პარკში, პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა მემორიალს.

საფრანგეთში საქართველოს ელჩი და საელჩოს თანამშრომლები ყვავილებით შეამკობენ პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელთა საფლავებს ლევილის ქართველ მამულიშვილთა სასაფლაოზე. ასევე,დამოუკიდებლობის რისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ინტერაქტიულ ვიდეო კონფერენციაში ლევილიდან, თბილისის ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეებისთვის

ბულგარეთში, საქართველოს საელჩო გამართავს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ვიდეო-კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბულგარეთის ხელისუფლების, ასევე ქართული კულტურის მოღვაწეები.

ლატვიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გავრცელდება ვიდეო-რგოლი, სადაც ლატვიის პრემიერ-მინისტრი და დიპლომატიური კორპუსი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავს. ვიდეო-მიმართვები გავრცელდება ასევე აზერბაიჯანში, აშშ-ში, ქ.ნიუ-იორკში, ბრაზილიაში, ბელორუსში, გერმანიაში, გაერთიანებულ სამეფოში, ესტონეთში, ვატიკანში, იაპონიაში, ირლანდიაში, ეგვიპტეში, ირანში, ისრაელში, კორეის რესპუბლიკაში, ნორვეგიაში, სლოვენიაში, უნგრეთსა და შვეიცარიის კონფედერაციაში.

ბელარუსში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, ქართველი თანამედროვე/აქტუალური ხელოვნების ექსპოზიციის ნამუშევრების ონლაინ გამოფენა მოეწყობა, ესპანეთში კი ონლაინ-გამოფენა კონკუსი მცირეწლოვანთათვის.

ირლანდიაში საელჩოს სოციალური ქსელის მეშვეობით გაზიარდება საქართველოს ხელოვნების სასახლის კოლექციები.

ასევე, თურქეთში, საქართველოს საელჩო, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საჰაერო ბურთებს გაუშვებს ცაში, რომლებზეც გამოსახული იქნება საქართველოს დროშა. სამხრეთ აფრიკაში, კი ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლის მიერ საელჩოს ორგანიზებით შესრულდება საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის ჰიმნები.

აღსანიშნავია, რომ 26 მაისს, შვეიცარიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულისა და ქ. ბერნის მერის შეხვედრის ფარგლებში, მერიის თანამშრომლებთან ერთად აღინიშნება შვეიცარია-საქართველოს მეგობრული ურთიერთობების 102 წლის თარიღი.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლობის სოციალური ქსელებზე გაზიარდება საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის - ხელოვნების სასახლის ვირტუალური კოლექციები და ოკუპაციის მუზეუმის ვირტუალირი ვერსია.

სლოვენიაში კი გაიმართება სლოვენიური დოკუმენტური ფილმის ტრეილერის - “Call It Amber” ონლაინ პრემიერა, რომელიც ეძღვნება საქართველოს უძველეს ქართულ ტრადიციას - ღვინის ქვევრში დაყენებას.

საქართველოს დამოუკიდებლობას აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, არგენტინაში, ლატვიაში, სლოვენიაში, სლოვაკეთში, ნიდერლანდებში, უნგრეთში, თურქეთში, იორდანიაში,ვინდონეზიაში, იაპონიაში და სამხრეთ აფრიკაში ადგილობრივ გამოცემებში გამოქვეყნდება საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების ინტერვიუები და სტატიები 26 მაისთან დაკავშირებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში