კრიტიკას არ ვიზიარებ, საელჩომ იმუშავა - თეიმურაზ შარაშენიძე

25 მაისი 2020, 12:37 1287 ნახვა

უკრაინაში საქართველოს ელჩი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, თბილისში კონსულტაციისთვის გამოიწვიეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში ცოტა ხნის წინ მივიდა. დღეს კონსულტაციებია დაგეგმილი. თეიმურაზ შარაშენიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საელჩომ კარგად იმუშავა და კრიტიკას არ იზიარებს. მისივე განცხადებით, წამოსვლამდე უკრაინულ მხარეს საპროტესტო ნოტა გადასცა. 

“დამთავრდა კარანტინი, მოვედი კონსულტაციებზე, მიზეზი თქვენთვის კარგად არის ცნობილი. ახლადშექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ორ პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ყველა საკითხს განვიხილავთ. დღეს დაიწყება კონსულტაციები, როდის დამთავრდება, ვერ გეტყვით, მაგრამ ყველა საკითხი სკულპუოზურად იქნება განხილული. კრიტიკას არ ვიზიარებ. საელჩომ იმუშავა ყველაფერში. რაც ჩამოვედი, სულ მაგას გეუბნებით, რომ მქონდა კომუნიკაცია უკრაინის უმაღლეს დონეზე და მოგახსენეთ, რომ გადავეცით საპროტესტო ნოტა. პროტესტის ფორმად არჩეული იქნა ელჩის გამოწვევა კონსულტაციებზე. ჩამოვედი და დღეს ვიწყებთ ამ კონსულტაციებს. უკრაინის მხარემ, როგორც სტრატეგიულმა პარტნიორმა, ჩვენი ეს ფორმა მიიღო და არ გაკვირვებია“, – განაცხადა შარაშენიძემ.

თეიმურაზ შარაშენიძე არ პასუხობს კითხვას, იგეგმება თუ არა მისი დაბრუნება უკრაინაში.

“ეს უნდა ჰკითხოთ ხელმძღვანელობას. ჩემი კომპეტენცია არ არის.  კონსულტაციები დასრულდება და შემდეგ გახდება ეს ცნობილი”, – აღნიშნა ელჩმა.

უკრაინიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის, თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში კონსულტაციებისთვის გამოწვევის შესახებ ცნობილი 8 მაისს გახდა.

ეს გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილს სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას უკავშირდებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში