უკვე მე-10 დღეა აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. გუშინ ლაბორატორიებში ჩატარებული 246 ტესტიდან ყველას პასუხი უარყოფითი იყო. ამ ეტაპზე ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 16 პირი, „მედალფაში“ კი მკურნალობას 15 ინფიცირებული პაციენტი გადის. მედიკოსების ინფორმაციით, ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ის აპარატზეა შეერთებული.
კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო 5 პაციენტი განმეორებითი ტესტის პასუხების მოლოდინშია და შესაძლოა, მათ კლინიკა დღესვე დატოვონ. ჯამში, აჭარაში 71 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის, „კოვიდ 19“ 42-მა პაციენტმა დაამარცხა. აჭარაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია 1 ადამიანი. დღეს არსებული მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 1 431 პირი.