საქართველოში საწვავზე ფასი შემცირდება, თუმცა ეს მოხმარების ზრდაზეა დამოკიდებული - ვანო მთვრალაშვილი

21 აპრილი 2020, 17:56 2307 ნახვა

ამერიკული WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი პირველად ისტორიაში უარყოფით ნიშნულანმე გუშინ, 20 აპრილს დაეცა. რაც იმას ნიშნავს, რომ გადავსებული რეზერუარების გათავისუფლების სანაცვლოდ, ნავთომწარმოებლები მყიდველებს თანხას თავად გადაუხდიან.

ნავთობის ღირებულების მკვეთრი ვარდნა კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება, რამაც საწვავზე მოთხოვნის შემცირება და მარაგების გადავსება გამოიწვია. ამ დროისთვის ბარელის ღირებულება -37.63 აშშ დოლარს შეადგენს.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილის თქმით, მსოფლიო სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოში საწვავის ფასის კლება გაგრძელდება, თუმცა რა პროპორციით ეს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.

"მსოფლიოში საწვავის ფასის კლებამ გარკვეულწილად უკვე ჰპოვა ასახვა საქართველოზეც. ბოლო 2 თვის განმავლობაში საქართველოში, საცალო ქსელში ფასი შემცირდა საშუალოდ 40 თეთრით, თუმცა ეს ტაბლოზე ასახული ფასებია. ის მომხმარებელი, რომელიც სარგებლობს ბრენიდირებული თუ არაბრენდირებული კომპანიების ბარათებით დამატებით 10-15% იანი ფასდაკლება გააჩნიათ. ფასების შემცირება აუცილებლად მომავალშიც გაგრძელდება, ამას ალტერნატივა არ გააჩნია, თუმცა ჩვენ დღეს სხვა სამწუხარო რეალობაც გვაქვს. დღეს საავტომობილო მოძრაობა ფაქტიურად გაჩერებულია. შეიძლება ითქვას, რომ საწვავის მოხმარება ბოლო დღეებში განულებულია. გაყიდვები განახევრებულია"- განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარეს იმის თქმა თუ რამდენით ან როდიდან შეიძლება ველოდოთ საწვავის ფასების კლებას საქართველოში უჭირს.

"ფასების კლების ტენდენცია საქართველოში გაგრძელდება, თუმცა რამდენით და რა პროპორციით ამის თქმა ძალიან რთულია. რთულია იმის თქმა, თუ სადამდე შეიძლება დაეცეს საწვავის ფასი. რომ არა ლარის გაუფასურება ეს კლება მეტად თვალშისაცემი იქნებოდა, რადგან ფასი 2 კომპონენტზეა დამოკიდებული ლარის კურსსა და საერთაშორისო ფასზე, რომელიც ბირჟაზეა. შეიძლება კომპანიამ იმპორტი მოახდინოს, პროდუქტი შემოიტანოს, თუმცა თუ მოხმარება არ გაიზარდა და რეალიზაციის საშუალება არ მიეცათ, უკვე შემოსული ნავთობის გასვლა და ახლის შემოსვლა არ მოხდა ბაზარზე ამის თქმა რთულია"- განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი