ევროპა ჯერ კიდევ პიკის შუაგულშია - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

16 აპრილი 2020, 14:10 1659 ნახვა

პოზიტიური ნიშნების მიუხედავად, ევროპა ჯერ კიდევ პიკის ფაზაშია - აცხადებენ  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. „გაზაფხულის ამინდის მიუხედავად, ჩვენ ჯერ კიდევ ქარიშხლის შუაგულში ვართ. ბევრ ქვეყანას ჯერ კიდევ არ გამოუცდია პანდემიის სრული სიმძიმე, მაშინ როცა ზოგ ქვეყანაში შეინიშნება „კოვიდ-19“-ის შემთხვევების კლება“, – განაცხადა ჯანმოს ევროპის რეგიონის დირექტორმა. მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების 50% სწორედ ევროპაში ფიქსირდება.

აქ ვირუსმა   84 ათასი ადამიანი იმსხვერპლა. გაერთიანებული სამეფოს მთავარი ეპიდემიოლოგი აცხადებს, რომ სოციალური დისტანცირების წესების დაცვა იქამდე იქნება საჭირო, ვიდრე „კოვიდ 19“-ის ვაქცინა არ შეიქმნება. მიღებული ზომების ნაადრევად შერბილება  გადადებების ახალ ტალღას გამოიწვევს- აცხადებს ნილ ფერგიუსონი.  

ამ მოსაზრებას იზიარებენ აშშ-შიც, სადაც ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ქვეყანაში სოციალური დისტანცირების წესების დაცვა შეიძლება 2022 წლამდე გახდეს აუცილებელი, ან მანამდე, ვიდრე ვაქცინა, ან უფრო ეფექტური თერაპიული საშუალებები არ იქნება ხელმისაწვდომი. „უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა შესაძლოა ერთადერთი იარაღი იყოს, რომელიც მსოფლიოს ნორმალურ ცხოვრების რეჟიმში დააბრუნებს, გადაარჩენს მილიონობით ადამიანის სიცოცხლესა და ტრილიონობით დოლარს“, აცხადებს გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი  და მსოფლიოს ქვეყნებს გლობალური ვაქცინის შექმნის მიზნით გლობალური თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

მსოფლიოს მასშტაბით ამ დროისთვის კორონავირუსით 2 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. ვირუსს 135 ათას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში