ბარათაშვილის ქუჩაზე, ცირკის მიმდებარედ ორი სახლის მეორე სართული დაიწვა. იტალიურ ეზოში 15-მდე ოჯახი დაზარალდა, დაიწვა 6 სახლი, ორი ბინა კი წყლის ჭავლით დაზიანდა. მოქალაქეებმა თავი ახლობლებს შეაფარეს, ბათუმის მერია მათ ქირით გაყვანას სთავაზობს. ზარალის დათვლამდე კი პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად მათ 2 000 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემათ.
მათთვის ფინანსურ დახმარებას მერია და აჭარის მთავრობა სტიქიით დაზარალებულებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტიდან გაიღებს. ირაკლი აბაშიძისა და ბარათაშვილის ქუჩის კვეთაში მდებარე სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მოქალაქეები შენობის სიძველის გამო საცხოვრებლის რესტავრაციას ითხოვდნენ.
ძეგლთა დაცვის სააგენტოში ამბობენ, რომ პირველ რიგში პროექტი მომზადდება და სახლი გადაიხურება, შემდეგ კი შენობის რესტავრაცია დაიწყება. როდის დაიწყება სარესტავრაციო სამუშაოები უწყებებში ვერ საუბრობენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით უცნობია. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის განადგურებას გულისხმობს.