სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, ბენზინგასამართი სადგურების და ბანკების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება

19 მარტი 2020, 21:37 4575 ნახვა

ყველა სავაჭრო ობიექტი გარდა სასურსათო მაღაზიებისა,სააფთიაქო ქსელისა, საბანკო და საფოსტო გზავნილების ქსელისა, ბენზინგასამართი სადგურებისა უნდა დაიხუროს - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების ეტაპზე გადავიდა და დამატებითი ღონისძიებების გამკაცრების საჭიროებაც დადგა. 

''ჩვენი ძირითადი ამოცანა ეპიდემიოლოგებთან ერთად გახლავთ ის, რომ ვირუსის გავრცელების ტემპი მაქსიმალურად შევამციროთ იმისთვის, რომ ჩვენს სამედიცინო სექტორს მივცეთ საშუალება, ეფექტურად და სწრაფ ვადებში იბრძოლონ ინფიცირებულების გამოჯანმრთელების მიზნისთვის'' - განაცხადა პრემიერმა. .

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს. 

„ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე, ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა, ქვეყნის მასშტაბით. დღეის მდგომარეობით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა, პრეზიდენტთან შეთანხმებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, როგორც კი ეს აუცილებლობა დადგება - შევძლებთ რამდენიმე საათის განმავლობაში ამ გადაწყვეტილების მიღებას და შემდგომ აღსრულებას. ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ ხვალ, ზეგ, მაზეგ, როგორც კი ასეთი აუცილებლობა დადგება და ჩვენი მედიკოსები, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გვეტყვის, რომ ვირუსის შეჩერების მიზნით ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ,'' - განაცხადა ბრიფინგზე გიორგი გახარიამ. 

პრემიერი განცხადებით, გლობალური გამოწვევის წინაშე მოქალაქეების რეაქცია არ უნდა იყოს შიში და პანიკა. მისივე თქმით, ქვეყანა დღეს მზად არის, რომ ამ გამოწვევას სათანადოდ უპასუხოს.

'' მთელი დღის განმავლობაში ჩვენ გვქონდა შეხვედრები, როგორც სპეციალური უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, კერძო სამედიცინო სექტორთან, რომლის მზაობაც, ვირუსის წინააღმდეგ, დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანა დღეს მზად არის იმისათვის, რომ ამ გამოწვევას სათანადოდ უპასუხოს,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობამ ბოლო დღეების განმავლობაში ზომები რამდენჯერმე გაამკაცრა. გაიცა რეკომენდაციები, რომელიც შესასრულებლად სავალდებულოა. 

ქვეყანაში კორონავირუსის 40 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან სამი მდგომარეობა შედარებით მძიმეა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი