პოლონეთში მყოფი საქართველოს 17 მოქალაქე სამშობლოში ვერ ბრუნდება 

18 მარტი 2020, 18:03 2402 ნახვა

საქართველოს 17 მოქალაქე, რომლებიც პოლონეთში ქვემო სილეზია, ქალაქ შვიდნიცაში იმყოფებიან, სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, რამდენიმე დღეა, მათი თქმით ქუჩაში სძინავთ. 

გუშინ, 17 მარტს, მათი ახლობლები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუკავშირდნენ და დახმარება სთხოვენ. ირწმუნებიან, რომ პოლონეთში საქართველოს საელჩოს მიმართეს, თუმცა მათგან დახმარება ვერ მიიღეს. 

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, პოლონეთში, ქობულეთიდან 17 მოქალაქე სამუშაოდ წავიდა და ქალაქ შვიდნიცაში რკინის ცეხში მუშაობდა, თუმცა მალევე კორონავირუსთან დაკავშირებით დაწყებული ვითარების გამო, მუშაობა ვერ გააგრძელეს და ქუჩაში დარჩნენ. ამბობენ, რომ არ აქვთ ფული, საჭმელი და არც ტრანსპორტირების შესაძლებლობა. 

მათვე თხოვნით მათ ვინაობას არ ვამხელთ, ერთ-ერთი მათგანი გვიყვება, რომ საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შემდეგ, მათ ვერ მოასწრეს ვიზეარის დაბალფასიანი ბილეთების შეძენა. ინფორმაციას კი უფასო ფრენების შესახებ არ ფლობდნენ. ამბობენ, რომ ახლა აღარ არის ფრენები და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. 

ქუჩაში გათენებული ღამის შემდეგ, ისინი ქალაქ შვიდინიცას მმართველის ინიციატივით, რამდენიმე დღით კოტეჯში გადაიყვანეს და საკვებიც მიაწოდეს.  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. ასევე, აჭარის უმაღლეს საბჭოს, რომელსაც მემორანდუმი აქვს გაფორმებული ქვემო სილეზიასთან.

მათი ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე ფლობს საქართველოს მოქალაქეებზე ინფორმაციას, აქვთ იქ მყოფთა სრული სია. პროცესში ჩართულია ქვემო სილეზიის საპატიო კონსულიც, საგარეო საქმეთა სამინისტროც და ირწმუნებიან, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან, ვისაც სურვილი ექნება იქ გააგრძელებს მუშაობას.  

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში