კორონავირუსის გამო გადადებული მატჩები 

14 მარტი 2020, 15:26 2522 ნახვა

მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელების მაღალ რისკთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დროებით შეჩერებულია მარტსა და აპრილში დაგეგმილი ყველა სპორტული აქტივობა. გარდა ამისა, საერთაშორისო შეკრებებიდან გამოწვეულია ყველა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები. სპორტსმენები სამშობლოში ეტაპობრივად ბრუნდებიან და აეროპორტში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ თვითიზოლაციის რეჟიმში გადადიან. ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ „რაგბი ევროპამ“ მიიღო გადაწყვეტილება და 15 აპრილამდე გადადო მის მიერ ორგანიზებული ყველა ტურნირი.

მათ შორის, დღეს მიხეილ მესხის სტადიონზე აღარ გაიმართება საქართველო-რუსეთის მატჩი. შეხვედრის ჩატარების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი. ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, 19-22 მარტს ბუდაპეშტში გასამართი ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი მაისის თვეში ჩატარდება . 31 მაისს დაიწყება და 7 ივნისს დასრულდება ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირი წყალბურთში, რომლისთვისაც ჰოლანდიის ქალაქ როტერდამს მარტის ბოლოს უნდა ემასპინძლა.გაურკვეველი ვადით გადაიდო მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, რომელიც კანადაში 16-22 მარტს უნდა გამართულიყო. ევროპის ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში, რომელსაც თბილისი 4-5 აპრილს მასპინძლობდა, ასევე გაურკვეველი დროით გადაიდო. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ევროპის ჩემპიონატს მაისის ნაცვლად ივნისის ბოლოს ჩაატარებს, თბილისში გასამართი გრან პრი კი გაუქმდა.

აპრილის ნაცვლად 13-21 ივნისს ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში. ზემოთ ჩამოთვლილი ტურნირებიდან თითქმის ყველა 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირია. ამ ეტაპზე, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. რაც შეეხება ევრო-2020-ის შესარჩევი ეტაპის გასამართ მატჩს საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებებს შორის, ასევე უეფას ეგიდით გასამართ ყველა მატჩს - მათი ბედი 17 მარტს მას შემდეგ გაირკვევა, რაც ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანო ვიდეო კონფერენციას გამართავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში