ლაშა კომახიძის განცხადებით, ბათუმობის დღესასწაული, რომელიც 28 აპრილს უნდა გამართულიყო გაუქმდა.
კორონავირუსის გამო, ქვეყანაში დაგეგმილი ყველა ხალხმრავალი ღონისძიება დროებით გაუქმდა ან გადაუდო.
ბოლო წლებში დღესასწაული სექტემბრის დასაწყისში აღინიშნებოდა. წელს მერიამ გამოკითხვა ჩაატარა და თარიღი შეცვალა.
დღეს გახდა ასევე ცნობილი, რომ ბათუმის მერია დისტანციურ მუშაობაზე 13 მარტიდან გადადის. მისი თქმით, მუშაობა არ უნდა შეფერხდეს, თანამშრომლების ფუნქციები კი გადანაწილდება.
''საჯარო მოხელე შეიძლება გახდეს ინფიცირების გავრცელების წყარო. ამიტომ ბათუმის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება და თანამშრომლების რაოდენობა შეიზღუდება, მუშაობა არ შეფერხდება, მაგრამ ფუნქციების შეზღუდვის ხარჯზე მოხდება მათი შემცირდება. დისტანციურად ვიმუშავებთ'' - განაცხადა მერმა.
ლაშა კომახიძე ამბობს, რომ აქტიურად მიმდინარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოები, როგორც ავტობუსების ასევე სამარშრუტო ტაქსების. გადაჭარბებულ მგზავრებზე კი კონტროლი გამკაცრებულია.
''ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ჯერ-ჯერობით პირველ აპრილამდე გადაიდო. ადმინისტრაციულ შენობებში და მუნიციპალურ სერვისცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. გაუქმებულია ხალხმრავალი ღონისძიებები, დროებით შეჩერებულია წარმოდგენები დელფინარიუმში. ასევე არ მუშაობს საჯარო ბიბლიოთეკა'', - განაცხადა ბათუმის მერმა.