მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს, რადგან იტალიიდან ჩამოსული ქალი თვითიზოლაციის წესს არღვევდა 

10 მარტი 2020, 14:47 2894 ნახვა

გურიაში, ოზურგეთში მცხოვრებლებმა პოლიცია მას შემდეგ გამოიძახეს, რაც იტალიიდან 4 დღის წინ ჩამოსული ქალი, თვითიზოლაციის წესებს არღვევდა და ქუჩაში დადიოდა. 

მეზობლები ამტკიცებენ, რომ ქალმა ბევრჯერ დაარღვია წესი და  მოქალაქეებს შესაძლო საფრთხე შეუქმნა,სწორედ  ამიტომ დარეკეს ადგილობრივებმა 112--ში. 

როგორც „გურიის მოამბე“ იტყობინება, პოლიციელები ადგილზე მივიდნენ, საკარანტინო წესის დარღვევაში ბრალდებული ქალიც ნახეს და მისი გადაყვანა საჩხერის საკარანტინო ზონაში იგეგმება. 

დღეს უწყებათაშირისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ უმკაცრესად დაიცვან თვითიზოლაციის წესი

საქართველოში, 26 თებერვლიდან დღემდე, ინფიცირებულთა რაოდენობა 15-ია, გუშინ, ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. 

ყველა ინფიცირებული პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, მათგან პირველი ორი პაციენტი ირანიდან დაბრუნდა საქართველოში. ისინი საზღვარზევე აიყვანეს და ბევრი კონტაქტები ქვეყანაში არ ჰქონიათ. 

დანარჩენი 13 პაციენტი კი იტალიაში მოგზაურობდა. ერთ მათგანი, 31 წლის ქალი იყო, რომელიც ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ სამსახურში გავიდა. ვირუსის დაფიქსირების შემდეგ თბილისის ერთ-ერთი ბანკის ფილიალი, სადაც ის მუშაობდა, დროებით დაიხურა - კარანტინი გამოცხადდა. 

რაც შეეხება მე-4 პაციენტს და მასთან ერთად კიდევ 10 ინფიცირებულს, ერთმანეთთან არიან დაკავშირებულები. ინფიცირებულებია ოჯახის წევრები და ის ადამიანები, ვისთანაც მათ კონტაქტი ჰქონდათ.

მე-14 და მეთხუთმეტე პაციენტები კი სამთავრობო სტრუქტურებში მომუშავე პირები არიან, ერთ-ერთი მათგანი სამინისტროს მაღალჩინოსანი. 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ თვითიზოლაციაშია ''ქართული ოცნების'' დეპუტატი ოთარ დანელია - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა. ამბობს, რომ ის სამუშაო ვიზიტით სტამბოლში იმყოფებოდა, ბორტზე მყოფ ერთ-ერთ მგზავრს კი კორონავირუსი აღმოჩნდა. 

2 მათგანს აღენიშნება შედარებით რთული სიმპტომები. მე-4 პაციენტს ორივე ფილტვის ანთება აქვს.  მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით,  ყველა  პაციენტის  მდგომარეობა  სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. 

 ამ ეტაპზე კარანტინში  რჩება 178  ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება - 56 პირი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი