აჭარაში ექვსის ნაცვლად სამი ოლქი იქნება - ირაკლი კობახიძე

10 მარტი 2020, 13:09 3860 ნახვა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 30 მაჟორიტარული ოლქის განაწილების წინასწარი სქემა ცნობილია. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო „თავისუფლება“„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძეზე  დაყრდნობით  ავრცელებს.

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, აჭარაში ექვსის ნაცვლად სამი ოლქი იქნება. წინასწარი მონახაზის მიხედვით, იმერეთში 4 მაჟორიტარული ოლქი იქნება, სამეგრელო, კახეთი და ქვემო ქართლი 3-3 ოლქად დაიყოფა, შიდა ქართლი და სამცხე-ჯავახეთი 2-2 ოლქად, თითო მაჟორიტარული ოლქი იქნება გურიაში, მცხეთა-მთიანეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში და 7 თბილისში.

„დიდი მანევრირების საშუალება არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ სულ 30 ოლქი უნდა ჩამოყალიბდეს, უნდა განისაზღვროს შესაბამისი საზღვრები. ქალაქებზე - თბილისზე და სამ დიდ ქალაქზე გადანაწილდება დაახლოებით 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი და დანარჩენ შემთხვევაში იქნება მთლიანობაში 20 საარჩევნო ოლქი. გამომდინარე იქიდან, რომ უნდა გავითვალისწინოთ რეგიონების სპეციფიკა, საზღვრები და სხვა შესაბამისი ფაქტორები, დიდი ლავირების საშუალება არ არის. აქედან გამომდინარე საკითხი არის არსებითად ტექნიკური“, - უთხრა დღეს, 10 მარტს მედიას ირაკლი კობახიძემ.

მაჟორიტარული ოლქების საზღვრები მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე უნდა შეიცვალოს. უცხოელი დიპლომატების შუამავლობით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2020 წელს, პარლამენტში პროპორციული წესით აირჩევა 120 და მაჟორიტარულით 30 დეპუტატი, საარჩევნო ბარიერი იქნება 1% და უზრუნველყოფილი იქნება ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მქონე პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

შეთანხმების პირობების დაკანონებას შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება.  დღეს მოქმედი წესით, საქართველოს პარლამენტის 150 წევრიდან 73 მაჟორიტარული, ხოლო 77 პროპორციული სისტემით აირჩევა.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი