ბათუმის მერიას ფილტვის კიბოს სკრინინგული გამოკვლევებისთვის ტენდერი აქვს გამოცხადებული. მუნიციპალიტეტს აღნიშნული მომსახურებისთვის 52 000 ლარი აქვს გათვალისწინებული.
პროგრამის ფარგლებში, ბათუმში რეგისტრირებულ 50-დან 60 წლამდე ასაკის ქალებისა და 50-დან 65 წლამდე ასაკის მამაკაცების გამოკვლევა იგეგმება. 10 თვის განმავლობაში, 1500 ბენეფიციარს მოემსახურებიან.
ფილტვის კიბოს კვლევა მიწოდებული კითხვარით და ექიმ-ონკოლოგის კონსულტაციით მოხდება. მათ ვისაც სიმსივნის ნიშნები აღმოაჩნდებათ, კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდება. მერია დაახლოებით, 180 მოქალაქის კტ-ს დააფინანსებს.
ტენდერში გამარჯვებული ასევე ვალდებულია ბენეფიციარებიც მოიზიდოს.
განცხადებების მიღება დასრულდა. მხოლოდ ერთმა კომპანიამ, ''მედ ცენტრმა'' გამოთქვა სურვილი ეს მომსახურება შეასრულოს. ამაში კი 52 000 ლარის ნაცვლად 42 000 ლარს ითხოვს. ამ ეტაპზე დოკუმენტების შემოწმება მიმდინარეობს.