საქართველოს პრემიერ მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ საზოგადოებას პანიკის საფუძველი არ აქვს. გიორგი გახარიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო და შექმნილი საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო სიტუაციას სრულად აკონტროლებენ.
პრემიერი ამბობს, რომ მოსახლეობამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს.
''აქტიურად გრძელდება საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა, რომელიც შეიქმნა 28 იანვარს და ამ საბჭოს ეფექტური მუშაობის შედეგად მოხდა პირველი ფაქტის საზღვარზე დაფიქსირება, ისე, რომ ფაქტობრივად ,ამას არ ჰქონია ჩვენს მოქალაქეებთან შეხება. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დაფიქსირდა კონკრეტულად საზღვარზე, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელს უნდა გადავუხადოთ მადლობა, ისევე როგორ მესაზღვრეებს ასევე საბაჟოს თანამშრომლებს“, – განაცხადა გახარიამ.
გუშინ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულია 50 წლის მამაკაცი, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ირანში იმყოფებოდა.