დღეს გახდება ცნობილი, გაიმართება თუ არა თბილისში მაისში დაგეგმილი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა. საკითხზე გადაწყვეტილება სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების შეხვედრაზე მიიღებენ. ინფორმაციისთვის, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის ჩატარების ადგილად თბილისის გარდა სტრასბურგიც მოიაზრება.
საქართველომ, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი დარღვეული აქვს. თბილისში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ჩამოსვლას ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი აპროტესტებს, რის გამოც დღის წესრიგში ღონისძიების სტრასბურგში ჩატარების საკითხი დადგა.