აბაშიძის კადრები ბევრია ხელისუფლებაში, ერთით მეტი, ერთით ნაკლები - ასმათ დიასამიძე უსკოს წევრის დანიშვნაზე

06 თებერვალი 2020, 17:04 2053 ნახვა

"გადაწყვეტილებით, ხელისუფლება ღიად გვიცხადებს, რომ ვალდებულება აქვს დაასაქმოს სპეცსამსახურის თანამშრომლები და მხოლოდ მისი აქტიური მხარდამჭერები. ასლან აბაშიძის დროინდელი კადრები ბევრია ხელისუფლებაში და არამგონია ვინმეს გაჰკვირვებოდა ერთით მეტი თუ ერთით ნაკლები,"- ასე შეაფასა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ასმათ დიასამიძემ უსკოს დამოუკიდებელ წევრად ტარიელ გოგიტიძის არჩევა.

დეპუტატი ამბობს, რომ გოგიტიძის დანიშვნა მის "ქართულ ოცნებასთან" სიახლოვეს და ყოფილ სამსახურს უკავშირდება. მისივე თქმით, ამით მმართველმა გუნდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვალშია სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან.

"ეს კანდიდატი არის აქტიური მხარდამჭერი "ქართული ოცნების" და გულდასაწყვეტია, როცა ქვეყანაში ამდენი გაღატაკებული ბავშვი გყავს, აარ ფიქრობ სამუშაო ადგილების შექმნაზე, არამედ ასაქმებ მხოლოდ შენს აქტივისტს, იმიტომ, რომ შენ გიჭერენ მხარს. ეს რეალობაა და ეს სურათი გვაქვს დღეს ჩვენ. ამაზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს უმაღლეს საბჭოს.  როცა ვერ იქნა და არ იქნება არჩეული დამოუკიდებელი კანდიტატი. სპეცსამსახურებს ძალიან დიდი დამსახურება აქვთ ამ მთავრობის წინაშე და რა გასაკვირია, რომ სწორედ მათი თანამშრომელი საქმდებოდეს და "წინსვლა და წარმატება სწორედ მათ ეკუთვნოდეთ", წინა პოზიციებზე სწორედ ეს ადამიანები იყრიან თავს " - განაცხადა ასმათ დიასამიძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან. 

დღეს, 6 თებერვალს უმაღლესმა საბჭომ უსკოს დამოუკიდებელ კანდიდატად ტარიელ გოგიტიძე აირჩია. მას მხარი 11-მა დეპუტატმა დაუჭირა.

გაზეთ ბათუმელების ინფორმაციით, ტარიელ გოგიტიძე, წარმოდგენილი სივის მიხედვით,  ასლან აბაშიძის სამთავრობო დაცვის სპეცსამსახურში  1994 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდა. 2018 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ტარიელ გოგიტიძე „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა ბათუმის საარჩევნო ოლქში.

კონსტიტუციონალისტი ლევან ჯაყელი, რომელიც იმ 5 კაციანი კომისიის წევრია, რომელმაც ამ პოზიციაზე დასამტკიცებლად ტარიელ გოგიტიძის და მალხაზ ბოლქვაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი ამბობს, რომ მან მისი გამოცდილებით იხელმძღვანელა.

"პრინციპი იყო საარჩევნო სისტემაში მათი გამოცდილება. ჩემთვის უცნობი იყო ის ფაქტი, რომ გოგიტიძე ბათუმის საოლქო კომისიაში "ქართულ ოცნებას" წარმოადგენდა. ასეთი ჩანაწერი მის სივში მე არ შემხვედრია" - განაცხადა ლევან ჯაყელმა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი