მართვის მოწმობის წესები იცვლება - პარლამენტი კანონპროექტის განხილვას უბრუნდება

04 თებერვალი 2020, 11:11 28948 ნახვა

პარლამენტი "საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას უბრუნდება. ცვლილების თანახმად მართვის მოწმობის აღება რთულდება. კანონპროექტის განხილვა საგაზაფხულე სესიის პირველ კვირაში იგეგმება.

კანონპროექტის თანახმად მართვის მოწმობის აღების წესში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა. პრაქტიკული გამოცდა ორ ეტაპიანი იქნება და მართვის მოწმობის აღების მსურველებს გამოცდის ჩაბარება რეალურ სივრცეში მოუწევთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს  მომსახურების სააგენტოში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს გვითხრეს, რომ მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს ის ქუჩები და მარშრუტები, რომლის გავლაც გამოცდის რეალურ სივრცეში ჩაბარებისას მოუწევთ, წინასწარ არ ეცოდინებათ. 

„მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის, სხვადასხვა ქალაქში რამოდენიმე  სხვადასხვა მარშრუტია შედგენილი.  მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საგამოცდო მარშრუტს მძღოლობის კანდიდატისთვის კომპიუტერული პროგრამა დააგენერირებს“-აცხადებენ მომსახურების სააგენტოში. 

მათივე ინფორმაციით, B კატეგორიის მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი,  ჩატარდება ყველა იმ ქალაქში, სადაც მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია განთავსებული.

„მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ორ ქალაქში - ფოთსა და ზუგდიდში საწყის ეტაპზე მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა რეალურ სივრცეში ვერ ჩატარდება და გამოცდის მეორე კომპონენტის ჩასაბარებლად მსურველებმა სხვა ქალაქების სერვის ცენტრებს უნდა მიმართონ.  რაც შეეხება სხვა კატეგორიებს, მოქალაქეებს პრაქტიკული გამოცდის ორივე ეტაპზე გასვლა  დასავლეთ საქართველოში ქუთაისის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში რუსთავის ფილიალში შეეძლებათ.“

სააგენტოში ამბობენ იმასაც, საგამოცდო მარშრუტები უკვე შედგენილია ბათუმში გამოცდის ჩაბარების მსურველებისთვისაც, თუმცა  იქიდან გამომდინარე, რომ მოქალაქეებმა ეს წინასწარ არ უნდა იცოდნენ არ ასაჯაროებენ.

კანონპროექტის მიხედვით, იცვლება თეორიული გამოცდის მოქმედების ვადა ნაცვლად 30 დღისა იგი 1 წლით განისაზღვრება. რაც იმას ნიშნავს რომ, წარმატებით ჩაბარებული თეორიული გამოცდის  შემდეგ, მოქალაქეს 1 წელი ექნება იმისთვის, რომ ჩააბაროს პრაქტიკული გამოცდის ორივე ეტაპი. 

კანონპროექტი ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღებად საჭირო ასაკის ცვლილებასაც ითვალისწინებს.  შესაბამისად,  თუ პარლამენტმა ცვლილებების პაკეტს მხარი დაუჭირა  B კა­ტე­გო­რი­ებ­ზე მარ­თვის უფ­ლე­ბას პირი არა 17, არამედ 18 წლიდან მიიღებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენებს გადის

იცვლება პრაქტიკული და თეორიული გამოცდის ჩაბარების საფასურიც.

„A“, „C“, „D“ „BE“, „CE“, „DE“ კატეგორიის და „A1“, „A2“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“ და „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასურია 40 ლარი, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების - 150 ლარი.

რაც შეეხება თეორიულ კომპონენტს, მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საფასური ნაცვლად 40 ლარისა გახდება 20 ლარი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში