ან შეთავაზებაზე წამოვლენ, ან მოუწევთ გამოიგლოვონ თავიანთი პროპორციული - თეა წულუკიანი ოპოზიციაზე 

23 იანვარი 2020, 12:13 1597 ნახვა

''ვფიქრობთ, რომ მოლაპარაკებები ან შედეგით დასრულდება და ისინი ჩვენს შეთავაზებაზე წამოვლენ, ან არ წამოვლენ და ბოლომდე იქნებიან მოქმედი მოდელის ფარგლებში. ცნობილი ფილმის არ იყოს, მოუწევთ გამოიგლოვონ თავიანთი პროპორციული, მათ შორის უბარიერო სისტემა და ამ მოდელის ფარგლებში დაიწყონ არჩევნებისთვის მზადება'' - ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა POSTV-ის ეთერში გაკეთა.

თეა წულუკიანმა ინტერვიუს დროს თქვა, რომ ოპოზიცია ნულოვან პროპორციულს ''ეპოტინება''.

''მოდით მათიც გავიგოთ. თქვენ, რომ იყოთ, ან მე რომ ვიყო მათ ადგილას, ახლა პირჯვარი უნდა გადავიწერო, მაგრამ... მათ აქვთ ბოლო შანსი, აი ფაფხურს, რომ ეძახიან ქართულად, რომ რაღაცას შეეცადონ. ყველაფერზე წამსვლელები არიან კი ბატონო. თუ ვერ გადაატრიალეს, არჩევნებში რაღაცნაირად მოვიდნენ. ეპოტინებიან ნულოვან პროპორციულს, რომ ვერ გამოიგლოვეს, იმიტომ რომ იქ დაინახეს საკუთარი შანსი ხელისუფლებაში მობრუნების. ამიტომაც დაიწყეს საუბარი, გაინაწილეს პორტფელები'' - განაცხადა ეთერში მინისტრმა. ​

ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავს. ხელისუფლებამ თავდაპირველად მოსახლეობას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება მისცა, მოგვიანებით კი პროექტი პარლამენტში ჩავარდა.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლება და ოპოზიცია, დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით, 20 დეკემბერს ერთმანეთს მეოთხედ შეხვდა. მოლაპარაკებების მე-4 რაუნდზე ''ქართულმა ოცნებამ'' ოპოზიციას პარლამენტში 100 დეპუტატის პროპორციული საარჩევნო წესით და 50 დეპუტატის მაჟორიტარული წესით არჩევა შესთავაზა. 

მოქმედი საარჩევნო სისტემით 77 დეპუტატს პროპორციული წესით ირჩევენ, 73 დეპუტატს კი - მაჟორიტარული წესით.

ოპოზიციას შეთავაზება არ მოსწონს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი