არ დაუჭიროთ მხარი ირაკლი შოთაძეს მას საზოგადოების ნდობა დაკარგული აქვს - არასამთავრობოები

16 იანვარი 2020, 18:06 1475 ნახვა

''საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა'' და საპროკურორო საბჭოს მოუწოდებენ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირონ.

გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ირაკლი შოთაძის კონკურსში მონაწილეობა ეჭვებს აჩენს, რომ მისი კანდიდატურის პარლამენტში წარდგენა და გენერალურ პროკურორად არჩევა წინასწარ არის გადაწყვეტილი. შერჩევის პროცესი კი ფიქტიურ ხასიათს ატარებს.

''ირაკლი შოთაძეს დაკარგული აქვს საზოგადოების ნდობა და მის საქმიანობასთან დაკავშირებით დღემდე არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები. 2018 წლის 31 მაისს, ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩაზე ორი ახალგაზრდის მკვლელობის საქმის არასათანადო გამოძიებისა და საზოგადოების მწვავე პროტესტის ფონზე მთავარი პროკურორის პოსტიდან გადადგა. პროკურატურისა და შსს-ს მხრიდან არაობიექტური და მიკერძოებული პროცესის ჩატარების შესახებ ეჭვები მირზა სუბელიანის ციხის ჩანაწერებმაც გააღრმავა.

დავით სარალიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სასამართლოს დღემდე არ აქვს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, ხოლო მირზა სუბელიანის მიერ გამოძიებაზე შესაძლო ზეგავლენის განხორციელებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ კითხვებს ამომწურავი პასუხი არ გასცემია. პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საქმის შესწავლისას არაერთი ხარვეზი და კანონდარღვევა აღმოაჩინა, რასაც ეფექტიანი რეაგირება არ მოჰყოლია'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

EMC-ის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ „ხორავას ქუჩის“ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები და დარღვევების მასშტაბი პირდაპირ უთითებდა მთავარი პროკურორის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე.

''ნდობის კრიზისში მყოფი უწყების ხელმძღვანელად იმ პირის დანიშვნა, რომელიც თავად არის პასუხისმგებელი არაერთი სისტემური პრობლემის გადაუჭრელობაზე, კიდევ უფრო შეარყევს საზოგადოებრივ დამოკიდებულებას პროკურატურის მიმართ, რომელიც ისედაც მყიფე და სუსტია. ამ ფონზე, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, საპროკურორო საბჭომ ჯეროვნად გაიაზროს მისი კონსტიტუციური როლი, იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და შეძლოს ღია, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება კანდიდატებთან დაკავშირებით.

EMC მოუწოდებს საპროკურორო საბჭოს:

. მხარი არ დაუჭიროს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე;

. საზოგადოებისთვის დროულად გახადოს ხელმისაწვდომი სრული ინფორმაცია გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა შესახებ;

. დაასაბუთოს და გაასაჯაროოს თითოეული წარდგენილი კანდიდატის შესახებ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება;

. წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩიოს და პარლამენტს წარუდგინოს პოლიტიკურად ნეიტრალური, შესაბამისი კვალიფიკაციის და დამსახურების მქონე კანდიდატი.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი