საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იუბილარია. ილია მეორე 87 წლის გახდა. ერში, ირაკლი შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს, ვლადიკავკაზში დაიბადა. ჩვილი მშობლებმა მე-3 დღეს, ქართულ ტაძარში მონათლეს. საქართველოს მომავალი პატრიარქი, მოსკოვის სასულიერო სემინარიაში სწავლისას, 24 წლის ასაკში ბერად აღიკვეცა. 1960-1963 წლებში, მღვდელმონაზონი ილია, ბათუმის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მსახურობდა. პატრიარქობამდე ჯერ, ბათუმ-შემოქმედელი ეპისკოპოსი, შემდეგ კი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო.
ასევე, მცხეთის სამოძღვრო-საღვთისმეტყველო სასწავლებლის დირექტორი და სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი. კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა ფარული კენჭისყრით მიტროპოლიტი ილია კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. ინტრონიზაცია 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართა, პატრიარქს ილია II ეწოდა. მისი მოღვაწეობისას, გაიზარდა სასულიერო პირთა, ეპარქიებისა და ეკლესია-მონასტერთა რაოდენობა. 1990 წელს, მთელმა მართლმადიდებლურმა სამყარომ სცნო საქართველოს ეკლესიის აღდგენილი ავტოკეფალია.
ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საყოველთაო ნათლობა დაიგეგმა. ყოველი მესამე და შემდგომი შვილი პატრიარქის ნათლულია. 2017 წლის 23 ნოემბერს, ქაშუეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, ილია II-მ საზოგადოებისა და წმინდა სინოდის წევრთათვის მოულოდნელად წაიკითხა მისივე ხელით და პირადი ბეჭდით დამოწმებული ბრძანება, რის საფუძველზეც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ დაადგინა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო.