ის რასაც ბოლო რამდენიმე ათეული წელია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საახალწლოდ ვხედავთ, ბათუმის შემთხვევაში სათავეს 1897 წლიდან იღებს. მაშინ ქალაქის თავები პრაქტიკულად მეკვლის ფუნქციასაც ითავსებდნენ. ოდნავ მოგვიანებით კი ზღვისპირა ზოლის მორთვა დაიწყეს, სადაც გემებს ათეულობით უცხოელი ტურისტი სწორედ საახალწლოდ შემოჰყავდა.
ეს ფაქტი ბათუმის ინტერნაციონალურობას და ტოლერანტულობას ჯერ კიდევ ასი წლის წინ უსვამდა ხაზს. ტრადიციების ნაწილმა სახე იცვალა, ფორმირდა და გათანამედროვდა, ისე კი ცეკვას დილამდე საუკუნის წინაც აანონსებდნენ. წელს სამწუხაროდ არ გათოვდა, მაგრამ ახლაც და მაშინაც განსაკუთრებით აღნიშნავდნენ, რომ ახალ წელს თოვლი ძალიან უხდება. 1911 წლის „არაჩვეულებრივი ზამთარი“ ღია ბარათებზეც კი მოხვდა.