აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს ეთიკის ნორმები დაუწესეს, რაც იმას გულისხმობს, რომ მათ ეკრძალებათ საჯაროდ დისკრიმინაციული განცხადებების გაკეთება ან სიძულვილის ენით საუბარი. დეპუტატების "ეთიკის კოდექსში", რომელიც გუშინ რიგგარეშე სხდომაზე დამტკიცდა, სხვა შეზღუდვებიც აქვს და სანქციებსაც ითვალისწინებს.
დეპუტატების ქცევას ეთიკის საბჭო გააკონტროლებს, რომელიც რეგიონის წარმომადგენლობით ორგანოში გაზაფხულზე შეიქმნება და დეპუტატებისთვის სანქციებსაც განსაზღვრავს.
საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ქცევის წესი მედიასთან ურთიერთობასაც ითვალისწინებს. ნინო ჩხეტიას განმარტებით, დეპუტატებს ქცევის წესები „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" რეკომენდაციით დაუწესეს.