ბათუმის „რივიერა“, სადაც 5 ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება შემოიღობა. რკინის კონსტრუქციები და ღობე სანაპიროს მხრიდან, ნაწილობრივ არის გაკეთებული. ჩვენ დავინტერესდით, მიიღო თუ არა ნებართვა ეკონომიკის სამინისტროსგან და ბათუმის მერიისგან კომპანია "რივიერა ბათუმმა", რომელიც 6 ჰექტარ ტერიტორიაზე 5 ცათამბჯენის მშენებლობისთვის ნებართვის მოპოვებას, ბათუმელების ნაწილის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ცდილობს.
„ბათუმი რივიერას“ დირექტორის გიორგი კაპანაძის განცხადებით, „რივიერას“ ტერიტორიაზე სატესტო ხიმინჯების მოწყობა უნდა დაიწყონ და ამიტომ შემოღობეს, შემოღობვის ნებართვა კი ბათუმის მერიისგან მიიღეს.
ინფორმაციას ადასტურებენ მერიაშიც. რივიერას დირექტორი განმარტავს , რომ სატესტო ხიმინჯები ნიადაგის საბოლოო კვლევისთვის სჭირდებათ, რათა წინასაპროექტო გათვლების სისწორეში დარწმუნდნენ. თუმცა გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ მშენებლობის დაწყებას, ნებართვის მიღებამდე არ აპირებენ.