პოლიციამ ჩიტაძის ქუჩიდან განარიდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ახდენდნენ პროვოცირებას და პარლამენტის შენობის ბლოკირებას, – უთხრა ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის უფროსმა. ვაჟა სირაძის თქმით, ჟურნალისტებს და პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ პარლამენტის შენობაში შევიდნენ.
„განრიდება მოხდა რამდენიმე ადამიანის, რათა მათ არ მოეხდინათ შენობის ბლოკირება. ბოლო დღეებში პოლიციის ცოცხალი ძალა იდგა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს, არ მოეხდინათ პარლამენტის შესასვლელის ბლოკირება. აღნიშნულმა პირებმა მოახდინეს ძალადობით პოლიციელების კორდონის გარღვევა და ხშირ შემთხვევაში ძალადობენ პოლიციელებზე. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დადგეს ეს რკინის კორდონი, რათა შეხება არ ჰქონდეს ამ ადამიანებს და პოლიციელს არ მიაყენონ შეურაცხყოფა, არ იძალადონ მათზე. დღეს ეს ადამიანები ცდილობენ, მოახდინონ შენობის ბლოკირება“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.