პროცესი სავარაუდოდ, სახელისუფლებო კანდიდატის არჩევით დაგვირგვინდება - თამარ კინწურაშვილი

20 ნოემბერი 2019, 13:53 2323 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ, ახალი დირექტორის არჩევნები 2019 წლის 22 ნოემბერს ჩაინიშნა. "მედიის განვითარების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ეს არის გრძელვადიანი პროცესი, რომელიც სავარაუდოდ, სახელისუფლებო კანდიდატის არჩევით დაგვირგვინდება. 

"ზოგადად ეს პროცესი თავიდანვე აღძრავდა ეჭვებს და დაიწყო აჭარის მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები ცხადყოფდა იმას, რომ აჭარის მაუწყებელი ყველაზე დაბალანსებულად აშუქებდა მოვლენებს და მას ნამდვილად ჰქონდა პროგრესი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო და არის ჭეშმარიტად დამოუკიდებელი არხი, სადაც მუშაობენ ადამიანები და სარედაქციო დამოუკიდებლობას იცავენ. ხელოვნურად შექმნილი მენეჯმენტის კრიზისი კი ამ ორგანიზაციაში, ინდიკატორი იმისა, რომ წინასაარჩევნოდ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა არ იყო ხელსაყრელი ხელისუფლებისთვის. შესაძლოა, ეს პროცესი დაგვირგვინდეს სახელისუფლებო კანდიდატის არჩევით და ეს იქნება ძალიან სამწუხარო, უფრო სამწუხარო იქნება თუ მენეჯმენტის ცვლილება მოახდენს გავლენას ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობაზე.

მე შემიძლია მხოლოდ გამძლეობა ვუსურვო იმ ჯგუფს, რომელიც ახლა ქმნის ნამდვილს საზოგადოებრივ მაუწყებელს და საზოგადოება ენდობა მათ. მათ შეუძლიათ იბრძოლონ და არ დაექვემდებარონ იმ ზეწოლას, რომელიც შესაძლოა წამოვიდეს ახალი მენეჯმენტის მხრიდან" - აცხადებს "მედიის განვითარების ფონდის" (MDF) აღმასრულებელი დირექტორი, თამარ კინწურაშვილი. 

რა პროცესები მიმდინარეობს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ბოლო თვეების განმავლობაში:

აჭარის ტელევიზიის დირექტორის პოსტი ვაკანტური 2019 წლის 19 აპრილს გახდა, მას შემდეგ რაც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი განხორციელდა. 

მრჩეველთა საბჭოს ძველმა შემადგენლობამ, სამი კონკურსი ჩაატარა და გამარჯვებული ვერ გამოავლინა. მეოთხე კონკურსი კი ბოლო შანსი იყო, ძველი შემადგენლობის მრჩეველთა საბჭოს აერჩია მაუწყებლის დირექტორი, რადგან 4 მრჩეველს უფლებამოსილება უმთავრდებოდა. 

მეოთხე კონკურსი ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით შეჩერდა. რის გამოც, ისე დაუსრულდა უფლებამოსილება მრჩეველთა საბჭოს წევრებს, რომ დირექტორი ვერ აირჩიეს. 

მედია ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ პროცესი სასამართლოს დახმარებით ხელოვნურად გაჭიანურდა, ვინაიდან ძველი მრჩეველთა საბჭოს წევრებს ვერ აარჩევინეს ის კანდიდატი, რომელიც სჭირდებოდა ხელისუფლებას. წინა კონკურსების დროს, საბჭოს უკვე ყოფილი წევრები აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ ორი საბჭოს წევრი სისტემატიურად სახელისუფლებო კანდიდატს უჭერდა მხარს და სამი წევრს ჰქონდა შანსი, მაუწყებლის დირექტორად აერჩიათ პირი, რომელიც დამოუკიდებელი იქნებოდა პოლიტიკური გავლენებისგან. 

ყოფილმა მრჩეველმა ბეჟან გობაძემ თქვა, რომ  5 წევრიდან ორ ხმას სამთავრობო კანდიდატი იღებდა. ნატა იმედაიშვილი და გიორგი ირემაძე კი ამბობდნენ, რომ ახალი დირექტორის არჩევაზე კონსულტაციები, სამ მრჩეველს შორის ხდებოდა.

მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, ნატა იმედაიშვილის ამბობდა, ჰქონდა მოლოდინი, მე-4 კონკურსზე, აერჩიათ დირექტორი, კონსესუსი სამ მრჩეველს შორის შედგებოდა. 

აჭარის მთავრობის თავმდჯომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სამთავრობო კანდიდატების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ არც ბევრი დრო ჰქონია და არც სურვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა საქმიანობით დაინტერესებულიყო. 

მედიაექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ კონკურსის შეჩერებამ მისცა შანსი უკვე ახლად დაკომპლექტებულ მრჩეველთა საბჭოს აერჩია დირექტორი, რომლის უმრავლესობა - ანუ სამი წევრი, მართველი პარტიის კვოტით არის წარდგენილია და არჩეული. 

კონკურსის შეჩერება, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმაც პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებად მიიჩნიეს, დახმარებისთვის სამოქალაქო სექტორს და აკრედიტებულ დიპლომატებს მიმართეს და განცხადება გაავრცელეს. ჟურნალისტებმა მიიჩნიეს, კონკურსის შეჩერება იმის გამო მოხდა, რომ ახალი“დირექტორი ​ძველ მრჩეველთა საბჭოს არ აერჩია, რომელიც ნაკლებად იყო ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი