ყავს თუ არა მთავრობას აჭარის მაუწყებელში "სამთავრობო" კანდიდატი - რას ამბობს თორნიკე რიჟვაძე  

23 აგვისტო 2019, 16:44 2622 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ადგილი მეოთხე თვეა ვაკანტურია.   აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ, რომელიც 5 წევრისგან შედგება, მესამე კონკურსის შემდეგაც ვერ აირჩია სასურველი კანდიდატი. 

მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრები ვერ შეთანხმდნენ და ხმები ბევრჯერ გაიყო. აღსანიშნავია, რომ ორი ხმა ერთ კანდიდატს ყოველთვის ჰქონდა და სწორედ ამ ხმების მფლობელებს მიიჩნევდნენ "სამთავრობო კანდიდატებად" მესამე სექტორში.

პირველად სამთავრობო კანდიდატზე, მრჩეველთა საბჭოს ნაციონალური მოძრაობის კვოტით არჩეული ბეჟან გობაძე ალაპარაკდა. მან პირველი კონკურსის შემდეგ განაცხადა, რომ "სამთავრობო კანდიდატი სწორედ ის არის, რომელსაც ორი ხმა ჰქონდა".   მაშინ სამი მრჩეველის ხმა თითო-თითოდ გაიყო, ორი მრჩევლის ხმა კი ერთმა კანდიდატმა მიიღო. 

მესამე კონკურსის შედეგების მიხედვით, ორი ხმა კანდიდატმა გიორგი კოხრეიძემ მიიღო. არასამთავრობო ორგანიზაციის "გამჭვირვალობა საქართველოს" ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მალხაზ ჭკადუამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ  გიორგი კოხრეიძე "ოცნების ფავორიტია"  და სამთავრობო კანდიდატია. 

 

მოგვიანებით, სოციალურ ქსელში უმაღლესი საბჭოს ყოფილმა დეპუტატმა, მედეა ვასაძემ გიორგი კოხრეიძე  "სამთავრობო კანდიდატად" მოიხსენია. 

ჰყავს თუ არა მთავრობას "სამთავრობო კანდიდატი" აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში?  ამ კითხვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს მივმართეთ. ის ამბობს, რომ მაუწყებლის შიდა ამბებით არ დაინტერესებულა, რადგან ამისი არც დრო და არ სურვილი ჰქონია. 

"არც ბევრი დრო მქონია და არც სურვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა საქმიანობით დავინტერესებულიყავი, თუმცა ინფორმაცია მაქვს იმ დოზით, რა დოზით ყველამ იცის და თქვენც მათ შორის. მინდა გითხრათ, რომ ეს ცალსახად არის გამჭვირვალე პროცესი და ჩვენ პატივს ვცემთ, და ზუსტად "ქართული ოცნების" იდეა იყო საზოგადოებრივი მაუწყებელი. რა თქმა უნდა სურვილი გაქვს მაუწყებელი გაძლიერდეს, რაც შეეხება შიდა საკადრო გადაადგილებებს, ვფიქრობთ,   თქვენ უკეთ გაართმევთ თავს" - უთხრა მაუწყებელს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი